ოდ ნერდრუმი – რა არის კიჩი?

იმანუელ კანტის მნიშვნელობა ხელოვნებისათვის იგივეა,
რაც კარლ მარქსისა კომუნიზმისათვის
ოდ ნერდრუმი

კიჩის მხატვრის მიერ ცხოვრების გამოსახვა უნდა განისაჯოს არა ეროვნების, რასის ან რელიგიის,  არამედ მარადიული ღირებულებების საფუძველზე.

კიჩის მხატვარს არ იცავს ის დრო, რომელშიც ცხოვრობს. იგი მიისწრაფვის წარმოაჩინოს ისტორიის ყველაზე ამაღლებული ღირსებები და ამასთან თანხმობით უნდა შეფასდეს.

კიჩის ნიმუში ან კარგია, ან – ცუდი. და კარგი კიჩი ხელოვნებად არ უნდა კლასიფიცირდეს. ეს არასწორი შეფასება იქნებოდა. კიჩი ხელოვნება არაა. კიჩი გრძნობისმიერსა და მარადიულს ეხება.

კიჩის მხატვარი მარადიული სიყვარულის, სიკვდილისა და მზის ამოსვლას  ემსახურება.

ახლისქმნა უმნიშვნელოა, ასევე ორიგინალურობა. მთავარი სიღრმეებში ჩასვლაა, რადგან ინდივიდუალური გამოხატულება თავად ბუნების წარმოდგენაში ძევს.

რადგანაც მოდერნიზმი და ხელოვნება ერთი და იგივეა, კიჩი ტალანტისა და გულწრფელობის მხსნელია.

1620688

კიჩი ცხოვრებას ემსახურება
ოდ ნერდრუმი

სიტყვა წარმოთქმული ოსლოს ასტრუპ ფერნლის მუზეუმში  1998 წლის 24 სექტემბერს ოდ ნერდრუმის გამოფენის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე.

ყოველთვის არაა იოლი იმის გაგება, ვინ არის ადამიანი და ჭეშმარიტად რას აკეთებს იგი. ბევრ ჩვენგანს დრო და მომწიფება სჭირდება ამ რთული კითხვების სრულად შესაცნობად. და ხშირად ეს კავშირშია იმასთან, რომ არსებობს რაღაცები, რომელთა აღიარებაც საკუთარ თავთანაც ძნელია და ალბათ მით უფრო – სხვებთან. ჩემს შემთხვევაში ამას ალბათ უფრო მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე ხალხის უმრავლესობისათვის. მაგრამ ახლა, ამგვარი მოვლენის ფონზე, მგონია, რომ ეს დრო დადგა.

ჩემთვის, როგორც სხვა ბევრისათვის, კითხვა, თუ ვინაა ადამიანი, ბავშვობისდროინდელ კონფლიქტებსა და შეგრძნებებს უკავშირდება.

ხელოვნებამ ადრევე შემიპყრო და 7-8 წლის ასაკში პოლიაკოვის მსგავს აბსტრაქციებს ვხატავდი. ამის მიზეზი ალბათ ჩემი მამინაცვალი – იუჰან ნერდრუმი იყო. ის განათლებული კაცი იყო, რომელიც თანამედროვე ხელონების ნიმუშებს აგროვებდა და სხვებთან ერთად რიანისა და ვაიდემანის ნახატებსაც ფლობდა.

ერთ დღეს მე და მამინაცვალი თხილამურებით სასრიალოდ წავედით. იგი რაციონალისტი და მოვარჯიშე იყო, რომელსაც უყვარდა თხილამურებით დიდხანს, დიდხანს სიარული. როდესაც სიმაღლეზე ავედით, გავჩერდით და ჩვენ ქვემოთ ველს გადავხედეთ,  ჩამავალი მზის თვალისმომჭრელ სხივებში რომ იბანებოდა. წამიერად მოგვნუსხა ხილულმა, თუმცა შემდეგ მამამ თქვა: “ეს მშვენიერია, მაგრამ დაიმახსოვრე, თუ ხელოვანი გახდები, მსგავსი რამ არასოდეს დახატო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში საშემოდგომო გამოფენაზე ვერ მოხვდები!”.

დედაც განათლებული ადამიანია, მას მიაჩნია, რომ რელიგიურობა დახვეწილობის ნიშანი არაა. მახსოვს ერთხელ  მაღაზიის ვიტრინის წინ გავჩერდით მაიორსტუაზე. იქ მხატვარი როკას “ბოშა გოგონა” ეკიდა. შთამბეჭდავად იყო შესრულებული და 4000 კრონი ღირდა. დედას მოეწონა ნახატი, მაგრამ ეძვირა. ჩემთვის ეს  ხელოვნებასთან დაკავშირებული ერთ-ერთი პირველი გამოცდილება იყო. მომენტალურად შინ ვიგრძენი თავი ამ მხატვრის სხეულის აღქმასა და გამოხატვაში!

მრავალი წლის შემდეგ, 70-ანი წლების ბოლოს, ენერკომ მთხოვა სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშები ერთმანეთისთვის შემედარებინა. მაშინ ავირჩიე ბებიაჩემის ბიძაშვილის, ჟან ჰაიბერგის ნამუშევარი, ეროვნულ მუზეუმში რომ ეკიდა და მის გვერდით როკას “ბოშა გოგონა” მოვათავსე. ჩემთვის განსხვავება ცხადი და გამოკვეთილი იყო, როკას ნახატს მეტი სიცოცხლე, მეტი კანი ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნებამ ადრევე შემიპყრო, საქმე სხვა  რამესთანაც დავიჭირე. 19-20 წლის ასაკში შეპყრობილი ვიყავი მზის ჩასვლის წითელი სინათლით. მაგრამ ჯერ კიდევ ჩამესმოდა მამინაცვლის გამაფრთხილებელი ხმა: “გახსოვდეს თანამედროვენი. მათი საქმე კარგად მიდის. თუკი ამგვარად გააგრძელებ, საქმე ცუდად წაგივა”.

როდესაც 60-ანი წლების ბოლოს ხელოვნების სამყაროში შემოვიჭერი თავში მისი სიტყვები ექოდ ჩამსმოდა. რეაქციები სასტიკი იყო. ის ჩაგვრა, რომლის მსხვერპლიც გავხდი, უფრო რთული ფესვების მქონე აღმოჩნდა, ვიდრე მუნკისადმი წინააღმდეგობა იყო. წინააღმდეგობა, რომელიც ხმაურიან აღიარებაში გადაიზარდა. თვითონ მივხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, მაგრამ თუ რა – ჩემი აღქმის ფარგლებს სცდებოდა. როგორც შემეძლო, ვცდილობდი ხელოვანივით მოქცევას და მრავალი წლის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ ხელოვანი ვიყავი.

პირველად 70-ანი წლების ბოლოს მივხვდი, რა ხდებოდა. ნება მივიღე შატე ნეუფის, ოსლოს ახალი სტუდენტური სახლის კიბეებთან ორი დიდი ნახატი – “დაპატიმრება” და “ანდრეას ბაადერის მკვლელობა” დამეკიდა.

maleri-nerdrum-baader
ანდრეას ბაადერის მკვლელობა (1977-78)

გამოვიდა რომ გრაფიკული ნამუშევრებით პირდაპირ მოვისყიდე დირექცია, ის დრო იყო, როდესაც ხელოვანისათვის გამოფენილი ნამუშევრისათვის კომპენსაცია თავისთავადი ამბავი გახლდათ, მაგრამ მიმაჩნდა, რომ მთავარი იყო ჩემი ოცნება ამესრულებინა და ჩემი დიადი კოპოზიციები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომად გამოფენილიყო.

ნამუშევრები მშვენივრად განლაგდა და მთელი ეს კომპოზიცია კარავაჯოს კაპელას ჩამოჰგავდა. მაგრამ ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელებულა სანამ ვიღაცას განლაგება აღარ მოეწონა. ხელოვნების აკადემიის მმართველობამ გადაწყვიტა, რომ სწორედ იმ კიბეზე გამოკიდული ტილოები უნდა ჩამოხსნილიყო. საუბარი იყო ახალ დეკორაციებზე. მოულოდნელად შემატყობინეს წერილით, რომ ყველანაირი მოკაზმულობა კიბიდან თოთხმეტი დღის განმავლობაში უნდა გამქრალიყო. ამავე დროს მე შევხვდი ერთ-ერთს იმათგან, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, აღიარებულ ხელოვანს, არვიდ პეტერსენს. მე მას თვალებში ჩავხედე და ვუთხარი: “როგორ შეგეძლო კოლეგისათვის ეს გაგეკეთებინა!”. მან მხოლოდ შემომხედა, პასუხის გაცემა ვერ შეძლო. თუმცა ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ პეტერსენი ისეთ რამეს მიხვდა, რაც ჯერ მე ვერ გამეგო: რომ მე ხელოვანი არ ვიყავი. ბევრი მიწოდებდა წერილებში ანტიხელოვანს და მსგავს რამეებს, მაგრამ ის, რომ მე ჭეშმარიტი ხელოვანი არ გახლდით, მაშინ გასაგებად შეუძლებელი იყო. შემდეგ სხვა ფიქრები გამიჩნდა – შემდეგ მივხვდი იმასაც, რაც პეტერსენს ადრევე აღმოეჩინა.

ჩემმა გზამ ამის შეცნობამდე ხელოვნების ისტორიისა და ასწლეულის დასაწყისში სეზანის დიდებული გადატრიალების ამბის ჭრილში გაიარა, როდესაც ოფიციალური ხელოვნება ახალ,  ყურადღების აღმძვრელ დროში გადავიდა. ვხედავდი როგორ გახდა ხელოვნება ასწლეულთა გასაყარის ყველა აღმოჩენისა და გარღვევის ტაშისმკვრელი მეტაფიზიკა, როგორ შეიძინა მან საკუთარი ღირსება, როგორც სამყაროს ჭეშმარიტების გამოხატულებამ.  შესაძლოა იგი ყოფილიყო ჭეშმარიტება ადამიანის, როგორც საზოგადოებრივი არსების შესახებ, ჭეშმარიტება ადამიანის, როგორ რაციონალური ან ირაციონალური არსების შესახებ. ანდაც შეიძლება ყოფილიყო ჭეშმარიტება პრობლემატური, მშფოთვარე თუ ირონიული დამოკიდებულების შესახებ ხელოვანსა და რეალობას შორის.

ამავდროულად ხელოვნებამ შეიძინა თავისი არსებობის დასაბუთება ტრადიციების, ისტორიისა და ძალაუფლების და მათი ყოველგვარი გამოვლინების წინააღმდეგ აღდგომის გზით. ამიტომაც ამ ახალი ხელოვნების ნიშანდობლივი თვისება ის იყო, რომ იგი ეძებდა ინოვაციებს ტრადიციების ნაცვლად და ახდენდა საკუთარი თავის ლეგიტიმაციას იმის გამოყენებით, რაც თავად ხელოვნების ნიმუშის უკან ძევდა.

დღეს, ასწლულის მიწურულს, პარადოქსალურ შედეგს ვხედავთ. მოდერნიზმი ტრადიციად იქცა, რომელიც მთელ დასავლურ სამყაროში გაბატონდა. ინსტიტუციები, კრიტიკოსები, ხელოვანები და განათლებული პუბლიკაც კი დავალდებულნი არიან “ღია იყვნენ ახლისათვის”.

მაგრამ ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი მოდერნიზმის მიერ არსებულის ყოვლისმომცველი ლეგიტიმაცია კი არააა. ის, რის თქმასაც ახლა ვცდილობ ისაა, რომ მოდერნიზმმაც ისევე დაიწყო საკუთარი კონკურენტების დემონიზება, როგორც ქრისტიანობამ გააკეთა ეს. და მოდერნიზმის ჯოჯოხეთში ეშმაკმა კიჩის სახელი მიიღო.

კიჩი გახდა ხელოვნების, ანუ მოდერნიზმის ანტითეზის სახელი. ჰოდა რა არის კიჩი? ამ ყოველივეს მთელი თავისი სიგრძე-სიგანით აქ ვერ განვიხილავ, მხოლოდ სახვით ხელოვნებასა და მუსიკიდან რამდენიმე მაგალითზე შევჩერდები.

კიჩი საერთო სახელწოდებად იქცა იმ ყველაფრისათვის, რაც ინტელექტუალური თვალსაზრისით სიახლეს არ წარმოადგენდა, ყველაფრის, რომელივ იყო ყავისფერი, ძველი, სენტიმენტალური, მელოდრამატული და პათეტიკური. ან როგორც ჰერმან ბროხი, ავსტრიელი მწერალი და ფილოსოფოსი ამბობდა ოცდაათიანებში: კიჩი ანტიქრისტეა, სტაგნაცია და სიკვდილი.

ჩვენ ვიცნობთ ბოშა გოგონას და მტირალ ბიჭუნას. ბებიას, კალთაში მისვენებული ჩვილით. მეთევზეს ჩიბუხით, წყვილ სილუეტს მზის ჩასვლის ფონზე. ლოსს ტბის პირას. სწორედ ასეთი გახდა განათლებული გემოვნებისათვის აკრძალული ზონები. ეგრეთ წოდებული “დაბალხალხური”, არაყოვლისგანმჭვრეტი გემოვნება კონტრასტს ქმნიდა იმგვარ თანამედროვე მოაზროვნეებთან, როგორებიც იყვნენ ფროიდი, მარქსი და მთელი ის თანამედროვე ელიტა, რომელთაც ყველაფერი ბოლომდე, უკანასკნელ ატომამდე განეჭვრიტათ.

თუმცა ეშმაკი მხოლოდ სულელი არ გახლავთ და არც კიჩი მხოლოდ მდაბიო. არსებობს კიჩის მაღალი ფორმებიც. ან როგორც ბროხი ამბობს “არსებობებ გენიოსები კიჩშიც, ისეთები, როგორიც ვაგნერი და ჩაიკოვსკია”.

გამოძევების პროცესს, რომელიც მოდერნიზმის შემოსვლიდან დაიწყო, ამ შემაძრწუნებელ მომენტს, დაუყოვნებლივ მოჰყვა შედეგები. კომპოზიტორი პუჩინი კიჩად გამოცხადდა, ასევე ზორნი, შვედი მხატვარი თავისი მშვენიერი ქალის სხეულებით. იგი იტანჯებოდა ბრალდებების გამო და დაშინებული გახლდათ თავის სიკვდილამდე 1920 წელს.

თუმცა უმეტესობამ აკლიმატიზაცია სწრაფად გაიარა. მუნკი მოდერნისტი გახდა, იგივე მოხდა გალელ კალელასთან და თავად რეპინიც კი, რუსეთში, ახლებურად ხატვას მოჰყვა რათა ახალი ჭეშმარიტება დაეკმაყოფილებინა. სიბელიუსსაც, დიდ ფინელ კომპოზიტორსაც დასდეს ბრალი კიჩობაში და მანაც მე-6 და მე-7 სიმფონიებში ახალი დისჰარმონიებისკენ პოტინი დაიწყო, თუმცა შემდეგ ხელი აიღო და კიდევ ორმოცი წლის განმავლობაში სიმშვიდეში ცხოვრობდა.

ახლა, როდესაც მოდერნიზმის ეპოქა თავისი ასი წლის იუბილეს უახლოვდება, შეგვიძლია უკან მივიხედოთ და დავინახოთ რისი დემონიზება სურდა კაცობრიობას, რისგან სურდა მას გათავისუფლება? რა იყო კიჩში ისეთი, რაც კაცობრიობას არ ნებავდა?

კიჩი მარადიულ ადამიანურ პრობლემებს ეხება, პათეტიკურს, ფორმის მიუხედავად, იმას, რასაც “ადამიანურს” ვეძახით. კიჩის ამოცანაა სერიოზულობა შექმნას ცხოვრებაში, საუკეთესო შემთხვევაში ისე ამაღლებულად, რომ მომდგარი სიცილის შეკავება შეძლოს. ამიტომაც კიჩი ცხოვრებას ემსახურება და ცალკეულ ინდივიდისკენ მიილტვის, ხელოვნების ირონიისა და დისტანციისაგან განსხვავებით.

არსებობდნენ ისეთებიც, ვისაც სურდათ კიჩის პოლიტიკურ პროპაგანდასთან დაკავშირება, მაგრამ არასწორია იმის თქმა, რომ კიჩს რაიმე საერთო აქვს სტალინთან ან ჰიტლერთან. ისინი ოპერირებდნენ პროპაგანდის მექანიზმით მასებისათვის. მათი აზრით, ყველანაირი ხელოვნება პოლიტიკას უნდა მსახურებოდა. პროპაგანდას ისეთივე დამარწმუნებელი ენით უნდა მიეღწია ხალხამდე, როგორც რეკლამას. პუჩინის “მადამ ბატერფლაი”, ამის საწინააღმდეგოდ, მიმართულია ცალკეული ადამიანის მოწყვლადობაზე და არა იმაზე, რომ ადამიანი 100%-ით მუშაობისათვის მზაობის მდგომარეობაში იყოს.

კიჩი ვნების გამოხატულების ფორმაა. ყველა დონეზე, და არა ჭეშმარიტების მსახური. იგი რელატიურ კავშირშია როგორც რელიგიასთან, ისე ჭეშმარიტებასთან. ამიტომაც ხდება კარგად დახატული მადონა სიწმინდე. ჭეშმარიტება კიჩს ხელოვნებას უთმობს.

კიჩში სიყოჩაღე ხარისხის გადამწყვეტი კრიტერიუმია. ხელობა თვითგამოაშკარავებადია ჩამოყალიბებული ნორმების შუქში. ამგვარად კიჩი დაუცველია, რადგან საზომი ყველაზე მაღალია ისტორიაში. პიკასოსა და უორჰოლისთვის, მაგალითად, პირიქითაა, ისინი ეპოქის ღირებულებებით არიან დაცული. ადამიანი უორჰოლს არ ადარებს რემბრანდტს თუკი ეს ირონიულად არ ხდება. ხელოვნება მომავლისაგან დაცულია, რადგან იგი სხვა რამეა. კიჩისათვის კი დანდობა არ არსებობს.

და ხელოვნების სიახლის მოთხოვნებისაგან განსხვავებით, კიჩი ისტორიაში და უკვე ნაცნობ ფორმებში იქექება. იგი ისაა, რასაც ბოდლერი “უხამსს” უწოდებს. თუკი როდესმე ისე ხდება, რომ კიჩი რაიმე ახალს ქმნის, ეს გამონაკლისია, როგორც, მაგალითად ამას როდენის დაუცხრომელ ვნებაში ვხედავთ.

როგორია კიჩისთვის პირობები ახლა, მოდერნიზმის ეპოქის მიწურულისკენ? “ყოველივე ჭეშმარიტის” წინააღმდეგ პოსტმოდერნული აჯანყების შემდეგ კაცს შეეძლო ეფიქრა, რომ კიჩსაც შესაძლებლობები მისცემოდა. მაგრამ მაოცებს, რომ მაინც არაა ადგილი “ადამიანური ხმისათვის”. ნუთუ დაისი მართლაც მხოლოდ წყალი და ჰაერი, დამსხვრეული მზის სხივებია?

მას შემდეგ, რაც აღმოვაჩინე რა არის ხელოვნება და რა არის კიჩი, მივხვდი, რომელს ვეკუთვნოდი. ამიტომაც მინდა შესაძლებლობა გამოვიყენო და ბოდიში მოვითხოვო. საკუთარ თავს ხელოვანს ვუწოდებდი და პირში უსიამო გემოს ვგრძნობდი. ახლა ვიცი, რომ ხელოვანი არ ვარ. ყალბი დროშის ქვეშ დავცურავდი და ბოროტად ვიყენებდი პრესის ინტერესს და ინტელიგენციაც, რა თქმა უნდა, სრულიად სამართლიანად გახლდათ განრისხებული. ჩემი ნამუშევრების მიღმა არაფერი ღრმა არ ძევს. ყველაფრის დანახვა ზედაპირზეა შესაძლებელი, ამაზე მეტის მიცემა არ ძალმიძს, არც ხელოვანისათვის ან არც ინტელექტუალისათვის. და სწორედაც რომ სამართლიანად მოისაკლისებენ ჩემს ნამუშევრებში სიღრმესა და დროს. თუმცა უფალმა უწყის, რომ ძალა არ დამიშურებია იმისთვის, რომ საკმარისად დავოსტატებულიყავი რათა გამომესახა ადამიანის სწრაფვანი ჩემი კიჩით. და რა არის აბა ის რაც იმაზე ძლიერად აღგვძრავს, ვიდრე ბავშვობისა და ახალგაზრდობის სწრაფვანი? თუკი ამ სწრაფვაში ჭეშმარიტებაა, მაშ ისინი სწორედ იმ ბოშა გოგონაში უნდა იყოს, რომელიც დაისში შეისეირნებს. ხელოვნება ხელოვნებისთვისაა და საზოგადოებისკენაა მიმართული. კიჩი სიცოცხლეს ემსახურება და მიმართულია ცალკეული ადამიანისაკენ.

If you fall asleep on horseback,
the horse will stop by the rock.

Art is a car, kitsch is a horse.

იალმარ სოდერბერგი – ტუშის ნახატი

აპრილის ერთ დღეს, მრავალი წლის წინ, იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ ცხოვრების აზრი მაფიქრებდა, ერთ პატარა სიგარეტების მაღაზიაში შევიარე, უკანა ქუჩის შესახვევთან, სიგარის საყიდლად. შევარჩიე მუქი და კუთხოვანი El Zolo, პორტსიგარში ჩავაცურე, ფული გადავიხადე და წასასვლელად მოვემზადე. თუმცა იმავე წამს აზრად მომივიდა ახალგაზრდა გოგონასთვის, დახლთან რომ იდგა და რომელთანაც ხშირად ვყიდულობდი ჩემს სიგარებს, მეჩვენებინა პატარა, ტუშით შესრულებული ნახატი, რომელიც რაღაც შემთხვევითობის გამოისობით საფულეში მედო. ნახატი ერთი ახალგაზრდა მხატვრისაგან მივიღე და ჩემი წარმოდგენით, ძალიან ლამაზი იყო.
– ნახე ერთი, – ვთქვი და გოგონას გავუწოდე, რას ფიქრობთ ამის შესახებ? მან გამომართვა დიდი ინტერესითა და დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა ახლო მანძილიდან. ბევრჯერ შეატრიალ-შემოატრიალა და მისმა სახემ ნაძალადევად შეფიქრიანებული გამომეტყველება მიიღო.
– მისმინეთ, რას ნიშნავს ეს? იკითხა ბოლოს და ინტერესით სავსე მზერა მესროლა. ცოტა არ იყოს და შევცბი. – ისეთს არაფერს ნიშნავს, ვუპასუხე, უბრალოდ პეიზაჟია. აქ მიწაა, იქ კიდევ ცა, ეს კიდევ გზაა… ერთი ჩვეულებრივი გზა…
– დიახ, ეს თვითონაც ხომ უნდა დამენახა, უკმეხად წარმოთქვა მან საკმაოდ უჩვეულო ტონით; მაგრამ მინდოდა გამეგო რას ნიშნავს ეს?
დაბნეული და შერცხვენილი ვიდექი; მე ხომ არასოდეს მომსვლია გონებაში, რომ სურათს რამე მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა. თუმცა გოგონას ახლა აზრს ვეღარ შევუცვლიდი; უკვე გადაეწყვიტა, რომ ნახატი რამენაირი „სადაა კატა“? უნდა ყოფილიყო. ანდაც სხვა შემთხვევაში რატომ ვაჩვენებდი მას? საბოლოოდ გოგონამ ნახატი ზემოთ ასწია და ფანჯარასთან მიიტანა მზის სხივებზე შესახედად. ჩანდა, როდესღაც ვიღაცას მისთვის ეჩვენებინა ერთგვარი კარტი, რომელიც ჩვეულებრივ განათებაზე აგურის ცხრიანს ან ყვავის რაინდს წარმოადგენს, მაგრამ თუკი შუქისაკენ აწევთ, რაიმე უხამს გამოსახულებად გარდაიქმნება.
თუმცა მისმა კვლევამ არანაირი შედეგი არ გამოიღო. ნახატი უკან დამიბრუნა და მეც წასასვლელად მოვემზადე. მაშინ კი საცოდავი გოგონა ერთიანად გაწითლდა და ყელში მოწოლილი ტირილით წარმოთქვა:
– არ გეკადრებოდათ ჩემი ასე დაცინვა. ვიცი, ერთი ღარიბი გოგო ვარ, რომელსაც იმის საშუალება არ აქვს, განათლება მიიღოს; მაგრამ ამის გამო სულაც არ გჭირდებათ ჩემი დაცინვა. არ შეგიძლიათ მითხრათ, რას ნიშნავს ეს ნახატი?
რა უნდა მეპასუხა? ბევრს დავთმობდი, ოღონდაც შემძლებოდა მისთვის მეთქვა რას ნიშნავდა; მაგრამ არ შემეძლო, რადგანაც არაფერსაც არ ნიშნავდა!

*

დიახ, უკვე მრავალი წელი გავიდა მას შემდეგ. მე უკვე სხვა სიგარებს ვეწევი და მათ სხვა ადგილას ვყიდულობ, და უკვე აღარ ვიმტვრევ თავს ცხოვრების აზრზე; თუმცა იმის გამო არა, რომ პასუხი უკვე ვიპოვე.

1898.