დოროთე ენგელბრეთსდათერი – ნორვეგიული ბაროკოს წარმომადგენელი

Dorothe-Engelbretsdatter
დოროთე ენგელბრეთსდათერი

ორივე, შექსპირიცა და სერვანტესიც 1616 წლის 23 აპრილს გარდაიცვალნენ. ამით დასრულდა რენესანსის დიდი ეპოქა და დაიწყო ბაროკო. ეს ის პერიოდია როდესაც ადამიანები მუდმივ ომში, გაჭირვებასა და არეულობაში ცხოვრობენ. ამერიკა აღმოჩენილია, დედამიწის ფორმა ცნობილია. აუგსბურგის რელიგიური ზავიც დადებულია და  პროტესტანტები საკმაოდ მძიმე ეკონომიკურ-სოციალური პრობლემების წინაშე დგანან. გუტენბერგის მეთოდით უამრავი ახალი წიგნი იბეჭდება და პოეზიის როლი ევროპაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ხდება.

  ამ დროში ევროპაში გაბატონებულია ჰანზის კავშირი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ბალტიის და ჩრდილოეთის ზღვაზე სავაჭრო მონოპოლიას აწესებდა და მართავდა. ჰანსას ერთ-ერთი მნიშნველოვანი სავაჭრო ქალაქი იყო ნორვეგიაში მდებარე ბერგენი. ნორვეგია დანიის ბატონობის ქვეშ იყო მოქცეული და ბერგენი კოპენჰაგენის შემდეგ დანია-ნორვეგიის სამეფოს მეორე ქალაქი იყო, როგორც ეკონომიკური განვითარებით ისე მოსახლეობის რაოდენობითაც –  აქ დაახლოებით 8000-9000 ადამიანი ცხოვრობდა, რაც იმ დროისთვის საკმაოდ ბევრი იყო.

Scale
ბერგენი

  ბერგენში 1934 წლის 16 იანვარს დაიბადა დოროთე ენგელბრეთსდათერი – პირველი ნორვეგიელი პოეტი ქალი, რომელმაც ნორვეგიულ საზოგადოებაში მნიშვნელოვან აღიარებას მიაღწია . პოეტის ბავშვობის შესახებ მხოლოდ მწირი ინფორმაციაა შემორჩენილი, იგი ანა ვრანგელისა და ენგელბრეთ იორგენსონის ოჯახში დაიბადა.  მამა – ენგელბრეთი, რექტორი და ტაძრის მეუფე გახლდათ. რომელსაც იხსენებდნენ როგორც „მორწმუნე, ჩუმ და ღვთისმოშიშ კაცს“. (არსებობს მოსაზრება, რომ მის ყოფილ ცოლს დოროთეა დუე რქმევია და სწორედ ამის გამო დაარქვეს ქალიშვილს დოროთე). დოროთეს  ფორმალური განთლება არ მიუღია,  თუმცა ოჯახში საკმაოდ დიდი თეორიული ცოდნა დააგროვა ლუთერანულ რწმენაში, თეოლოგიასა და კულტურაში, რაც შემდგომ მის შემოქმედებაშც აისახა. 1656 წელს, 18 წლის რომ შესრულდა, დოროთემ იქორწინა ამბროსიუს ჰანდენბექზე, რომელიც იყო კონრექტორი და მღვდელი, მოგვიანებით კი დოროთეს მამის გარდაცვალების შემდეგ ბერგენის კათედრალის მეუფედ დაინიშნა.  დოროთეს ცხოვრება არ ყოფილა ბედნიერებით აღსავსე, მას ცხრა შვილი ეყოლა, რომლებიც მის სიცოცხლეშივე გარდაიცვალნენ. შვიდ მათგანთან გამომშვიდობება ადრეულ ასაკში მოუხდა, ერთი გაუჩინარდა  და ერთიც ბრძოლაში დაეცა. მისმა ქმარმა, ამბროსიუსმაც 1683 წელს მიაბარა სული უფალს და  დოროთემ სიცოცხლის ბოლო 30 წელი  სიმარტოვეში გაატარა. ბევრი ლიტერატურათმცოდნე მიიჩნევს, რომ სწორედ ამგვარი მძიმე ცხოვრება და რელიგიური განათლება გახდა პოეტისთვის შთაგონების წყარო.

  დოროთეს პოეზიაში ნათლად ჩანს მისი სიყვარული ბერგენისამდი და თუ როგორ იყო იგი მშობლიურ ქალაქზე დამოკიდებული. 1638 წელს, როდესაც დოროთე 4 წლის იყო, თითქმის მთელი ბერგენი ხანძარმა გაანადგურა. მთლი ქალაქი დამწვარი იყო, ასეულობით სახლი, კათედრალი, მერია, ლათინური სკოლა და სხვა. თავისი ცხოვრების განმავლობაში პოეტი კიდევ სამ დიდ ხანძარს მოეწსრო, პირველს 1660 წელს, მეორეს 1675 წელს და ბოლოს 1702 წელს, როდესაც ცეცხლმა  სახლი გაუნადგურა. მან ეს მოვლენები  პოემაში „Medlidig Trøst til Jndvaneren i Bergen” აღწერა:

O Bergen, where I was born, you have been tried
In fires which my pained eyes saw
Happen four times.

engelbretsdatter

 დოროთე ენგელბერთსდათერის ცხოვრებაში, გარდა ბერგენისა, დიდი როლი ითამაშა კოპენჰაგენმა. ქალაქმა, რომელშიც იგი თავისი სიცოცხლის განმავლობაში რამდენჯერმე ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. კოპენჰაგენი დანია-ნორვეგიის დედაქალაქი იყო, რომელიც ბერგენისგან არც ისე შორს მდებარეობდა, ამ ორ ქალაქს შორის მჭირდრო კავშირი არსებობდა, ოფიციალური პირები, სასულიერო პირები და ვაჭრები მუდამ მოგზაურობდნენ ერთი მათგანიდან მეორეში. დოროთეს ოჯახი 1647-1650 წლებში ცხოვრობდა კოპენჰაგენში, ანუ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დოროთე ყმაწვილი გოგონა იყო. ეს ის დროა, როდესაც დანიისთვის ოცდაათწლიანი ომი დასრულდა და 1648 წელს ვესტფალიაში ზავი დაიდო, იმავე წელს დანიის დიდებული მეფე კრისტიან IV გარდაიცვალა და გამეფდა ფრედერიკ III. დოროთე ყველა ამ მნიშვნელოვანი ცვლილების თვითმხილველი გახლდათ. (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კოპენჰაგენს გავლენა არ მოუხდენია მის სიყვარულზე ნორვეგიისადმი და კერძოდ ბერგენისადმი.  ის ნამდვილად ნორვეგიელი იყო, რასაც თავის პოემებში ხშირად უსვამდა ხაზს).

  ზუსტად არ არის ცნობილი თუ როდის დაიწყო დოროთემ ლიტერატურული მოღვაწეობა. მაგრამ ცნობილია, რომ თავისი ცნობილი ჰიმნებისა და პოემების წერას იგი 1670-იან წლებში შეუდგა. პირველი წიგნი 1678 წელს, 44 წლის ასაკში გამოსცა – „Siælens Sang-Offer“,   ამ წიგნმა ძალიან დიდი პოპულარობა მოუტანა დანო-ნორვეგიულ საზოგადოებაში. შემორჩენილი წერილებიდან ჩანს თუ როგორ აქებდა და რაოდენ დიდ პატივსა და სიყვარულს ამჟღავნებდა უბრალო ნორვეგიელი ხალხი პოეტესას  მიმართ. ის გახდა „მეათე მუზა დანო-ნორვეგიული პოეზიისა“. ამ წიგნთან დაკავშირებით ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გამოიკვეთოს ერთი ის რომ წიგნი დაწერილი იყო მის მშობლიერ ენაზე, ანუ ნორვეგიულად, როდესაც იმ პერიოდში წიგნები ძირითადად ლათინურ ენაზე იწერებოდა. მეორე კი ის, რომ წიგნი გამოიცა კრისტიანიაში(თანამედროვე ოსლოში). როდესაც წიგნები, ჩვეულებრივ,  კოპენჰაგენში იბეჭდებოდა. ( კოპენჰაგენში წიგნების ბეჭვდა 1482 წლიდან დაიწყეს, ხოლო ნორვეგიაში 1643 წლამდე ბეჭდური მექანიზმები არ არსებობოდა). სწორედ ამან განაპირობა ფაქტი, რომ წიგნზე  ხელი მიუწვოდებოდა საკმაოდ დიდ აუდიენციას.

    დოროთეს პოეტური დებიუტის შემდეგ მალევე, 1683 წლის 13 ივნისს გარდაიცვალა მისი მეუღლე, რომელსაც პოეტესა სიცოცხლის ბოლომდე გლოვობდა და სწორედ მას მიუძღვნა შემდეგი წიგნი –  „Taare-Offer“ (1685).  ამ  ნაწარმოებიდან ჩანს თუ როგორ უყვარდა დოროთეს თავისი ქმარი და როგორი ბედნიერი ქორწინება ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ „Taare-Offer“  არ იყო  ორიგინალური ნაწარმოები, იგი წარმოადგენდა  ნორვეგიელი პასტორის, პედერ მიოლერის ხელნაწერის პერიფრაზს, პედერ მიოლერმა ასევე თარგმნა 1675 წელს გერმანიაში გამოცემული გერმანელი მწერლის, ჰაინრიხ მიულერის ნაწარმოები.

   მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დოროთეს არ ჰქონდა საშუალება რომ მარტოს ეცხოვრა. 1684 წელს მეფემ ის სამუდამოდ გაათავისუფლა გადასახადებისაგან, რაც შეგვიძლია მივიჩნიოთ ხელოვანი ადამიანების პირველ სტიპენდიად ნორვეგიაში. დოროთეს მუდამ ჰქონდა იმედი, რომ მისი ორი ვაჟი ცოცხალი იქნებოდნენ. თუმცა მისი ერთი ვაჟიშვილი –  ლუკასი, წოდებით მეორე ლეიტენანტი 1685 წელს ვენეციურ-თურქულ ომებში ბარონ ულრიკ ფრედერიკ ვალდემარ ლოვენდალის(1660-1740) კავალერიაში ბრძოლისას დაეცა. ამის შემდეგ ერთადერთ იმედი მეორე ვაჟის ენგელბრეთის ლოდინიღა იყო, რომელმაც ბერგენი 1681 წელს დატოვა და სასწავლებლად გერმანიაში გაემგზავრა, თუმცა 26 წლის ასაკში მისი კვალი ქრება.

   დოროთე ენგელბრეთსდათერის წიგნები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ამიტომაც ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც მათ ავტორის ნებართვის გარეშეც გამოსცემდნენ. ეს პოეტესას ძალიან აბრაზებდა, რადგანაც ამგვარად გამოცემული წიგნებიდან  შემოსავალი არ ჰქონდა და თანაც მისი ნაწარმოებების დამახინჯება ხდებოდა. დოროთემ  დანიის მეფესა და დედოფალს თხოვნით მიმართა, რომ აეკძალათ მისი წიგნების კოპირება ნებართვის გარეშე. ასე გახდა დოროთე პირველი ნორვეგიელი მწერალი, რომელმაც საავტორო უფლებები მოიპოვა თავის ნაწარმოებებზე. აგრეთვე იგი იყო პირველი  პოეტი ქალი დანია-ნორვეგიაში ( მეფისადმი მიწერილ წერილში სწორედ ასე უწოდა მან საკუთარ თავს) და პირველი მწერალი ნორვეგიაში, რომელმაც ჰონორარი მიიღო თავისი შემოქმედებისთვის.

   როდესაც დოროთეს შემოქმედებას ვუყურებთ ძალიან რთულია არ დავინახოთ ის რელიგიური და პოლიტიკური კლიმატი რაც მეჩვიდმეტე საუკუნის ევროპაში იყო გამეფებული.  ეს ის პერიოდია როდესაც ეკლესია დომინანტია და საკმაოდ დიდი ძალაუფლება გააჩნია, ლიტერატურას კი ძლიერი რელიგიური და პოლიტიკური ფუნქცია აკისრია.  პოეტები წერდნენ მონარქებისა და  ეკლესიისთვის ხოტბის შესასხმელად და იმ პერიოდის მწერლობის ძირითად ჟანრს  საეკლესიო ჰიმნები  წარმოადგენდა, დოროთემ სწორედ ეს ჟანრი აირჩია და ხელი მიჰყო ჰიმნებისა და პოემების წერას.

Dorothe

    დოროთეს პოეზიაში კარგად ჩანს ბაროკოსათვის დამახასიათებელი ელემენტები.  მისი ლექსების ფორმა იყო მკაცრად განსაზღვრული, ჰქონდა ძალიან მარჯვე რითმა და იყენებდა მრავალ მჭერმეტყვლურ მექანიზმს რაც უფრო საამოს ხდიდა მის შემოქმედებას. თუმცა უნდა ითქვას, რომ ენგელბრეთსდათერის პოეზია იყო საკმაოდ პერსონალური და პირდაპირი ტონის მატარებელი და არ გამოირჩეოდა ინტელექტუალიზმით, თუმცა როგორც თვითონ აღნიშნავდა „გულიდან წერდა“. კითხვაზე, თუ რატომ იყო დოროთეს პოეზია პოპულარული, პასუხი მარტივია –  ის იყო გულრწრფელი ის ღმერთს წარმოაჩენდა როგორც ძალიან პერსონალურს და ადვილად მისაღწევს. მისი შემოქმედება ასახავდა ყოველდღიურ ცხოვრებას, რომელიც სავსე იყო ემოციით და არ იყო იმ პერიოდში არსებულ ლიტერატურასავით რთული, ამიტომაც ხალხმა ის აიტაცა და გულით შეიყვარა. დოროთეს პოემები და ლექსები განმსჭვალული იყო რელიგიური თემატიკით. ის  ხშირად წერდა ფსალმუნებასც, რომლებსაც შემდგომ წიგნებად გამოსცემდა.

  ლიტერატურის ისტორიის მკვლევარები დოროთე ენგელბრეთსდათერს ხშირად მოიხსენიებენ როგორც სენტიმენტალურ პოეტს, რომელიც იყო პოპულარული მაგრამ არა მნიშვნელოვან. თუმცა 1950 წლებში განახლდა მისი ნაშრომებისადმი ინტერესი, შეგროვდა და ხელახლა გამოიცა. სწორედ ამ ქმედებამ გახადა ის ნორვეგიული აუდიენციისთვის უფრო ხელმისაწვდომი.

 დიდი ხანი არაა, რაც  კრიტიკოსებმა აღნიშნეს რომ დოროთე ენგელბრეთსდათერის პოპულარობის სენტიმენტალიზმზე გადაბრალება უსამართლობაა.  სენტიმენტალიზმის იდეა მოდიოდა მისი მეორე ნაშრომიდან, რომელმაც ის თავის ქმარს მიუძღვნა და რეალურად არც იყო მისი ორიგინალი შემოქმედება.

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:
http://antikvariat-bryggen.no/wp-content/uploads/2013/06/ENGELBRETSDATTER-Dorothe-juni-2013.pdf

https://www.ntnu.no/blogger/ub-lokalhistorie/2016/02/18/lokalhistorie-poetinne-dorothe-engelbretsdatter-dode-for-300-ar-siden/

http://www.daria.no/skole/?tekst=1791

https://nbl.snl.no/Dorothe_Engelbretsdatter

Preaching from Home: The Stories of Seven Lutheran Women Hymn Writers
An Encyclopedia of Continental Women Writers, Volume 1