იალმარ სოდერბერგი – ტუშის ნახატი

აპრილის ერთ დღეს, მრავალი წლის წინ, იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ ცხოვრების აზრი მაფიქრებდა, ერთ პატარა სიგარეტების მაღაზიაში შევიარე, უკანა ქუჩის შესახვევთან, სიგარის საყიდლად. შევარჩიე მუქი და კუთხოვანი El Zolo, პორტსიგარში ჩავაცურე, ფული გადავიხადე და წასასვლელად მოვემზადე. თუმცა იმავე წამს აზრად მომივიდა ახალგაზრდა გოგონასთვის, დახლთან რომ იდგა და რომელთანაც ხშირად ვყიდულობდი ჩემს სიგარებს, მეჩვენებინა პატარა, ტუშით შესრულებული ნახატი, რომელიც რაღაც შემთხვევითობის გამოისობით საფულეში მედო. ნახატი ერთი ახალგაზრდა მხატვრისაგან მივიღე და ჩემი წარმოდგენით, ძალიან ლამაზი იყო.
– ნახე ერთი, – ვთქვი და გოგონას გავუწოდე, რას ფიქრობთ ამის შესახებ? მან გამომართვა დიდი ინტერესითა და დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა ახლო მანძილიდან. ბევრჯერ შეატრიალ-შემოატრიალა და მისმა სახემ ნაძალადევად შეფიქრიანებული გამომეტყველება მიიღო.
– მისმინეთ, რას ნიშნავს ეს? იკითხა ბოლოს და ინტერესით სავსე მზერა მესროლა. ცოტა არ იყოს და შევცბი. – ისეთს არაფერს ნიშნავს, ვუპასუხე, უბრალოდ პეიზაჟია. აქ მიწაა, იქ კიდევ ცა, ეს კიდევ გზაა… ერთი ჩვეულებრივი გზა…
– დიახ, ეს თვითონაც ხომ უნდა დამენახა, უკმეხად წარმოთქვა მან საკმაოდ უჩვეულო ტონით; მაგრამ მინდოდა გამეგო რას ნიშნავს ეს?
დაბნეული და შერცხვენილი ვიდექი; მე ხომ არასოდეს მომსვლია გონებაში, რომ სურათს რამე მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა. თუმცა გოგონას ახლა აზრს ვეღარ შევუცვლიდი; უკვე გადაეწყვიტა, რომ ნახატი რამენაირი „სადაა კატა“? უნდა ყოფილიყო. ანდაც სხვა შემთხვევაში რატომ ვაჩვენებდი მას? საბოლოოდ გოგონამ ნახატი ზემოთ ასწია და ფანჯარასთან მიიტანა მზის სხივებზე შესახედად. ჩანდა, როდესღაც ვიღაცას მისთვის ეჩვენებინა ერთგვარი კარტი, რომელიც ჩვეულებრივ განათებაზე აგურის ცხრიანს ან ყვავის რაინდს წარმოადგენს, მაგრამ თუკი შუქისაკენ აწევთ, რაიმე უხამს გამოსახულებად გარდაიქმნება.
თუმცა მისმა კვლევამ არანაირი შედეგი არ გამოიღო. ნახატი უკან დამიბრუნა და მეც წასასვლელად მოვემზადე. მაშინ კი საცოდავი გოგონა ერთიანად გაწითლდა და ყელში მოწოლილი ტირილით წარმოთქვა:
– არ გეკადრებოდათ ჩემი ასე დაცინვა. ვიცი, ერთი ღარიბი გოგო ვარ, რომელსაც იმის საშუალება არ აქვს, განათლება მიიღოს; მაგრამ ამის გამო სულაც არ გჭირდებათ ჩემი დაცინვა. არ შეგიძლიათ მითხრათ, რას ნიშნავს ეს ნახატი?
რა უნდა მეპასუხა? ბევრს დავთმობდი, ოღონდაც შემძლებოდა მისთვის მეთქვა რას ნიშნავდა; მაგრამ არ შემეძლო, რადგანაც არაფერსაც არ ნიშნავდა!

*

დიახ, უკვე მრავალი წელი გავიდა მას შემდეგ. მე უკვე სხვა სიგარებს ვეწევი და მათ სხვა ადგილას ვყიდულობ, და უკვე აღარ ვიმტვრევ თავს ცხოვრების აზრზე; თუმცა იმის გამო არა, რომ პასუხი უკვე ვიპოვე.

1898.