იოუჰანეს სვეინსონ კიარვალი – მეთევზეობიდან სახალხო არტისტამდე

123

  ჩრდილოეთში მდებარე პატარა კუნძულ ისლანდიაზე, რომლის ხსენებაზე ქართველ მკითხველს მხოლოდ გეიზერები, ბიორკი და ახლა უკვე Sigur Rós-იც ახსენდება, 1885 წლის 15 ოქტომბერს დაიბადა იოუჰანეს სვეინსონ კიარვალი, ისლანდიის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მხატვარი.  ყველა ქვეყანას ჰყავს თავისი საყვარელი არტისტი, იტალიას – ლეონარდო და ვინჩი, ესპანეთს – ველასკესი და ა.შ. ისლანდიელთათვის კი ასეთი სწორედ იოუჰანესი გახლავთ, რომელსაც უდიდესი ადგილი უკავია ისლანდიის კულტურის ისტორიაში.

 იოუჰანეს კიარვალი დაიბადა ცამეტშვილიან ოჯახში,  რომელიც გაუსაძლის სიღარიბეში ცხოვრობდა. როდესაც ხუთი წლის შესრულდა, მშობლებმა გააშვილეს.  დედობილმა და მამობილმა ბიჭი კარგად აღზარდეს,  სურდათ, რომ იგი გამოჩენილი ბიზნესმენი გამხდარიყო. თუმცა მათი იმედები არ გამართლდა, ამის სანაცვლოდ ხელოვანი 27 წლამდე უბრალო მეთევზედ მუშაობდა და ამავდროულად მთელ  თავისუფალ დროს  ხატვას უთმობდა. საბაზისო  სამხატვრო განათლება იოუჰანესმა ისლანდიის ერთ-ერთი პირველი მხატვრის, აუსგრიმურ იოუნსონისგან მიიღო. იოუჰანესს არ ჰქონდა საშუალება სწავლა გაეგრძელებინა, თუმცა მეთევზებიისა და ისლანდიის შრომის კონფედერაციის ფინანსური დახმარებით დანიის სამეფო სამხატვრო აკადემიაში   ჩაირიცხა (ამ პერიოდში ისლანდია დანიის მმართველობას ექვემდებარებოდა), რომელიც წარჩინებით დაასრულა.  კოპენჰაგენში ცხოვრებისას იოუჰანესი გაეცნო მხატვრობის სხვადასხვა მიმართულებებს: იმპერსიონიზმს, ექსპრესიონიზმსა და კუბიზმს. მოგვიანებით მან იმოგზაურა საფრანგეთსა და იტალიაშიც.

1234567

  წლების განმავლობაში კიარვალი განუწყვეტლივ ხატავდა, ზამთარში სტუდიას და საცხოვრებელ ადგილს ქირაობდა რეიკიავიკში და შეუჩერებლად მუშაობდა. თბილ სეზონებზე კი ისლანდიის ჩრდილოეთში მიემგზავრებოდა, სადაც ადგილობრივი ფერმერის ნებართვით ზღვის სანაპიროზე კარავში ცხოვრობდა. მოგვიანებით  ფერმერმა იოუჰანესს პატარა ქოხი აუშენა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე მხატვრის ერთადერთი საკუთრება იყო.

2343242     ისლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქოხი,  რომელშიც  მხატვარი ზაფხულობით   ცხოვრობდა

  იოუჰანესი ძირითადად პეიზაჟებს ხატავდა. ამის გამო წარსულში ბევჯერ გააკრიტიკეს, თუმცა მისი პეიზაჟები საკმაოდ ღრმა შინაარსს ატარებდა. მათში ჩადებული იყო ის გრძნობები და გარემო, რომლებიც ისლანდიურ სოფლებს ახასიათებდა.  კიარვალის შემოქმედება ნაყოფიერი გამოდგა, მან დაგვიტოვა ათასზე მეტი ნახატი, რომლებიც სხვადასხვა მიმდინარეობებს აერთიანებს. ამ ნაშრომებში ვხვდებით, როგორც აბსურდულ ისე სიმბოლისტურ ელემენტებსაც. იოუჰანესი ხშირად თავის პეიზაჟებში ელფებს და მითოლოგიურ არსებებსაც წარმოგვიჩენს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მხატვარი ცხოვრების ბოლო წლებში აბსტრაქციით იყო გატაცებული.

1234

  ისლანდიელმა ხალხმა მიიღო და სიცოცხლეშივე დააფასა, საყვარელი შემოქმედი. ამას გარდა ის შვედეთის სამეფომაც დააჯილდოვა პრინცი ევგენის მედლით, რომელსაც მხოლოდ დამსახურებულ არტისტებს გადასცემენ.  იოუჰანესი გამოსახულია ისლანდიის 2000 კრონიან კუპიურაზე. ისლანდიის გამოჩენილმა მუსიკოსმა ბიორკმა კი მას ფლეიტაზე შერსრულებული ინსტრუმენტალური მუსიკა მიუძღვნა.

12345

Björk – Jóhannes Kjarval

 

 

დოროთე ენგელბრეთსდათერი – ნორვეგიული ბაროკოს წარმომადგენელი

Dorothe-Engelbretsdatter
დოროთე ენგელბრეთსდათერი

ორივე, შექსპირიცა და სერვანტესიც 1616 წლის 23 აპრილს გარდაიცვალნენ. ამით დასრულდა რენესანსის დიდი ეპოქა და დაიწყო ბაროკო. ეს ის პერიოდია როდესაც ადამიანები მუდმივ ომში, გაჭირვებასა და არეულობაში ცხოვრობენ. ამერიკა აღმოჩენილია, დედამიწის ფორმა ცნობილია. აუგსბურგის რელიგიური ზავიც დადებულია და  პროტესტანტები საკმაოდ მძიმე ეკონომიკურ-სოციალური პრობლემების წინაშე დგანან. გუტენბერგის მეთოდით უამრავი ახალი წიგნი იბეჭდება და პოეზიის როლი ევროპაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ხდება.

  ამ დროში ევროპაში გაბატონებულია ჰანზის კავშირი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ბალტიის და ჩრდილოეთის ზღვაზე სავაჭრო მონოპოლიას აწესებდა და მართავდა. ჰანსას ერთ-ერთი მნიშნველოვანი სავაჭრო ქალაქი იყო ნორვეგიაში მდებარე ბერგენი. ნორვეგია დანიის ბატონობის ქვეშ იყო მოქცეული და ბერგენი კოპენჰაგენის შემდეგ დანია-ნორვეგიის სამეფოს მეორე ქალაქი იყო, როგორც ეკონომიკური განვითარებით ისე მოსახლეობის რაოდენობითაც –  აქ დაახლოებით 8000-9000 ადამიანი ცხოვრობდა, რაც იმ დროისთვის საკმაოდ ბევრი იყო.

Scale
ბერგენი

  ბერგენში 1934 წლის 16 იანვარს დაიბადა დოროთე ენგელბრეთსდათერი – პირველი ნორვეგიელი პოეტი ქალი, რომელმაც ნორვეგიულ საზოგადოებაში მნიშვნელოვან აღიარებას მიაღწია . პოეტის ბავშვობის შესახებ მხოლოდ მწირი ინფორმაციაა შემორჩენილი, იგი ანა ვრანგელისა და ენგელბრეთ იორგენსონის ოჯახში დაიბადა.  მამა – ენგელბრეთი, რექტორი და ტაძრის მეუფე გახლდათ. რომელსაც იხსენებდნენ როგორც „მორწმუნე, ჩუმ და ღვთისმოშიშ კაცს“. (არსებობს მოსაზრება, რომ მის ყოფილ ცოლს დოროთეა დუე რქმევია და სწორედ ამის გამო დაარქვეს ქალიშვილს დოროთე). დოროთეს  ფორმალური განთლება არ მიუღია,  თუმცა ოჯახში საკმაოდ დიდი თეორიული ცოდნა დააგროვა ლუთერანულ რწმენაში, თეოლოგიასა და კულტურაში, რაც შემდგომ მის შემოქმედებაშც აისახა. 1656 წელს, 18 წლის რომ შესრულდა, დოროთემ იქორწინა ამბროსიუს ჰანდენბექზე, რომელიც იყო კონრექტორი და მღვდელი, მოგვიანებით კი დოროთეს მამის გარდაცვალების შემდეგ ბერგენის კათედრალის მეუფედ დაინიშნა.  დოროთეს ცხოვრება არ ყოფილა ბედნიერებით აღსავსე, მას ცხრა შვილი ეყოლა, რომლებიც მის სიცოცხლეშივე გარდაიცვალნენ. შვიდ მათგანთან გამომშვიდობება ადრეულ ასაკში მოუხდა, ერთი გაუჩინარდა  და ერთიც ბრძოლაში დაეცა. მისმა ქმარმა, ამბროსიუსმაც 1683 წელს მიაბარა სული უფალს და  დოროთემ სიცოცხლის ბოლო 30 წელი  სიმარტოვეში გაატარა. ბევრი ლიტერატურათმცოდნე მიიჩნევს, რომ სწორედ ამგვარი მძიმე ცხოვრება და რელიგიური განათლება გახდა პოეტისთვის შთაგონების წყარო.

  დოროთეს პოეზიაში ნათლად ჩანს მისი სიყვარული ბერგენისამდი და თუ როგორ იყო იგი მშობლიურ ქალაქზე დამოკიდებული. 1638 წელს, როდესაც დოროთე 4 წლის იყო, თითქმის მთელი ბერგენი ხანძარმა გაანადგურა. მთლი ქალაქი დამწვარი იყო, ასეულობით სახლი, კათედრალი, მერია, ლათინური სკოლა და სხვა. თავისი ცხოვრების განმავლობაში პოეტი კიდევ სამ დიდ ხანძარს მოეწსრო, პირველს 1660 წელს, მეორეს 1675 წელს და ბოლოს 1702 წელს, როდესაც ცეცხლმა  სახლი გაუნადგურა. მან ეს მოვლენები  პოემაში „Medlidig Trøst til Jndvaneren i Bergen” აღწერა:

O Bergen, where I was born, you have been tried
In fires which my pained eyes saw
Happen four times.

engelbretsdatter

 დოროთე ენგელბერთსდათერის ცხოვრებაში, გარდა ბერგენისა, დიდი როლი ითამაშა კოპენჰაგენმა. ქალაქმა, რომელშიც იგი თავისი სიცოცხლის განმავლობაში რამდენჯერმე ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. კოპენჰაგენი დანია-ნორვეგიის დედაქალაქი იყო, რომელიც ბერგენისგან არც ისე შორს მდებარეობდა, ამ ორ ქალაქს შორის მჭირდრო კავშირი არსებობდა, ოფიციალური პირები, სასულიერო პირები და ვაჭრები მუდამ მოგზაურობდნენ ერთი მათგანიდან მეორეში. დოროთეს ოჯახი 1647-1650 წლებში ცხოვრობდა კოპენჰაგენში, ანუ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დოროთე ყმაწვილი გოგონა იყო. ეს ის დროა, როდესაც დანიისთვის ოცდაათწლიანი ომი დასრულდა და 1648 წელს ვესტფალიაში ზავი დაიდო, იმავე წელს დანიის დიდებული მეფე კრისტიან IV გარდაიცვალა და გამეფდა ფრედერიკ III. დოროთე ყველა ამ მნიშვნელოვანი ცვლილების თვითმხილველი გახლდათ. (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კოპენჰაგენს გავლენა არ მოუხდენია მის სიყვარულზე ნორვეგიისადმი და კერძოდ ბერგენისადმი.  ის ნამდვილად ნორვეგიელი იყო, რასაც თავის პოემებში ხშირად უსვამდა ხაზს).

  ზუსტად არ არის ცნობილი თუ როდის დაიწყო დოროთემ ლიტერატურული მოღვაწეობა. მაგრამ ცნობილია, რომ თავისი ცნობილი ჰიმნებისა და პოემების წერას იგი 1670-იან წლებში შეუდგა. პირველი წიგნი 1678 წელს, 44 წლის ასაკში გამოსცა – „Siælens Sang-Offer“,   ამ წიგნმა ძალიან დიდი პოპულარობა მოუტანა დანო-ნორვეგიულ საზოგადოებაში. შემორჩენილი წერილებიდან ჩანს თუ როგორ აქებდა და რაოდენ დიდ პატივსა და სიყვარულს ამჟღავნებდა უბრალო ნორვეგიელი ხალხი პოეტესას  მიმართ. ის გახდა „მეათე მუზა დანო-ნორვეგიული პოეზიისა“. ამ წიგნთან დაკავშირებით ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გამოიკვეთოს ერთი ის რომ წიგნი დაწერილი იყო მის მშობლიერ ენაზე, ანუ ნორვეგიულად, როდესაც იმ პერიოდში წიგნები ძირითადად ლათინურ ენაზე იწერებოდა. მეორე კი ის, რომ წიგნი გამოიცა კრისტიანიაში(თანამედროვე ოსლოში). როდესაც წიგნები, ჩვეულებრივ,  კოპენჰაგენში იბეჭდებოდა. ( კოპენჰაგენში წიგნების ბეჭვდა 1482 წლიდან დაიწყეს, ხოლო ნორვეგიაში 1643 წლამდე ბეჭდური მექანიზმები არ არსებობოდა). სწორედ ამან განაპირობა ფაქტი, რომ წიგნზე  ხელი მიუწვოდებოდა საკმაოდ დიდ აუდიენციას.

    დოროთეს პოეტური დებიუტის შემდეგ მალევე, 1683 წლის 13 ივნისს გარდაიცვალა მისი მეუღლე, რომელსაც პოეტესა სიცოცხლის ბოლომდე გლოვობდა და სწორედ მას მიუძღვნა შემდეგი წიგნი –  „Taare-Offer“ (1685).  ამ  ნაწარმოებიდან ჩანს თუ როგორ უყვარდა დოროთეს თავისი ქმარი და როგორი ბედნიერი ქორწინება ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ „Taare-Offer“  არ იყო  ორიგინალური ნაწარმოები, იგი წარმოადგენდა  ნორვეგიელი პასტორის, პედერ მიოლერის ხელნაწერის პერიფრაზს, პედერ მიოლერმა ასევე თარგმნა 1675 წელს გერმანიაში გამოცემული გერმანელი მწერლის, ჰაინრიხ მიულერის ნაწარმოები.

   მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დოროთეს არ ჰქონდა საშუალება რომ მარტოს ეცხოვრა. 1684 წელს მეფემ ის სამუდამოდ გაათავისუფლა გადასახადებისაგან, რაც შეგვიძლია მივიჩნიოთ ხელოვანი ადამიანების პირველ სტიპენდიად ნორვეგიაში. დოროთეს მუდამ ჰქონდა იმედი, რომ მისი ორი ვაჟი ცოცხალი იქნებოდნენ. თუმცა მისი ერთი ვაჟიშვილი –  ლუკასი, წოდებით მეორე ლეიტენანტი 1685 წელს ვენეციურ-თურქულ ომებში ბარონ ულრიკ ფრედერიკ ვალდემარ ლოვენდალის(1660-1740) კავალერიაში ბრძოლისას დაეცა. ამის შემდეგ ერთადერთ იმედი მეორე ვაჟის ენგელბრეთის ლოდინიღა იყო, რომელმაც ბერგენი 1681 წელს დატოვა და სასწავლებლად გერმანიაში გაემგზავრა, თუმცა 26 წლის ასაკში მისი კვალი ქრება.

   დოროთე ენგელბრეთსდათერის წიგნები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ამიტომაც ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც მათ ავტორის ნებართვის გარეშეც გამოსცემდნენ. ეს პოეტესას ძალიან აბრაზებდა, რადგანაც ამგვარად გამოცემული წიგნებიდან  შემოსავალი არ ჰქონდა და თანაც მისი ნაწარმოებების დამახინჯება ხდებოდა. დოროთემ  დანიის მეფესა და დედოფალს თხოვნით მიმართა, რომ აეკძალათ მისი წიგნების კოპირება ნებართვის გარეშე. ასე გახდა დოროთე პირველი ნორვეგიელი მწერალი, რომელმაც საავტორო უფლებები მოიპოვა თავის ნაწარმოებებზე. აგრეთვე იგი იყო პირველი  პოეტი ქალი დანია-ნორვეგიაში ( მეფისადმი მიწერილ წერილში სწორედ ასე უწოდა მან საკუთარ თავს) და პირველი მწერალი ნორვეგიაში, რომელმაც ჰონორარი მიიღო თავისი შემოქმედებისთვის.

   როდესაც დოროთეს შემოქმედებას ვუყურებთ ძალიან რთულია არ დავინახოთ ის რელიგიური და პოლიტიკური კლიმატი რაც მეჩვიდმეტე საუკუნის ევროპაში იყო გამეფებული.  ეს ის პერიოდია როდესაც ეკლესია დომინანტია და საკმაოდ დიდი ძალაუფლება გააჩნია, ლიტერატურას კი ძლიერი რელიგიური და პოლიტიკური ფუნქცია აკისრია.  პოეტები წერდნენ მონარქებისა და  ეკლესიისთვის ხოტბის შესასხმელად და იმ პერიოდის მწერლობის ძირითად ჟანრს  საეკლესიო ჰიმნები  წარმოადგენდა, დოროთემ სწორედ ეს ჟანრი აირჩია და ხელი მიჰყო ჰიმნებისა და პოემების წერას.

Dorothe

    დოროთეს პოეზიაში კარგად ჩანს ბაროკოსათვის დამახასიათებელი ელემენტები.  მისი ლექსების ფორმა იყო მკაცრად განსაზღვრული, ჰქონდა ძალიან მარჯვე რითმა და იყენებდა მრავალ მჭერმეტყვლურ მექანიზმს რაც უფრო საამოს ხდიდა მის შემოქმედებას. თუმცა უნდა ითქვას, რომ ენგელბრეთსდათერის პოეზია იყო საკმაოდ პერსონალური და პირდაპირი ტონის მატარებელი და არ გამოირჩეოდა ინტელექტუალიზმით, თუმცა როგორც თვითონ აღნიშნავდა „გულიდან წერდა“. კითხვაზე, თუ რატომ იყო დოროთეს პოეზია პოპულარული, პასუხი მარტივია –  ის იყო გულრწრფელი ის ღმერთს წარმოაჩენდა როგორც ძალიან პერსონალურს და ადვილად მისაღწევს. მისი შემოქმედება ასახავდა ყოველდღიურ ცხოვრებას, რომელიც სავსე იყო ემოციით და არ იყო იმ პერიოდში არსებულ ლიტერატურასავით რთული, ამიტომაც ხალხმა ის აიტაცა და გულით შეიყვარა. დოროთეს პოემები და ლექსები განმსჭვალული იყო რელიგიური თემატიკით. ის  ხშირად წერდა ფსალმუნებასც, რომლებსაც შემდგომ წიგნებად გამოსცემდა.

  ლიტერატურის ისტორიის მკვლევარები დოროთე ენგელბრეთსდათერს ხშირად მოიხსენიებენ როგორც სენტიმენტალურ პოეტს, რომელიც იყო პოპულარული მაგრამ არა მნიშვნელოვან. თუმცა 1950 წლებში განახლდა მისი ნაშრომებისადმი ინტერესი, შეგროვდა და ხელახლა გამოიცა. სწორედ ამ ქმედებამ გახადა ის ნორვეგიული აუდიენციისთვის უფრო ხელმისაწვდომი.

 დიდი ხანი არაა, რაც  კრიტიკოსებმა აღნიშნეს რომ დოროთე ენგელბრეთსდათერის პოპულარობის სენტიმენტალიზმზე გადაბრალება უსამართლობაა.  სენტიმენტალიზმის იდეა მოდიოდა მისი მეორე ნაშრომიდან, რომელმაც ის თავის ქმარს მიუძღვნა და რეალურად არც იყო მისი ორიგინალი შემოქმედება.

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:
http://antikvariat-bryggen.no/wp-content/uploads/2013/06/ENGELBRETSDATTER-Dorothe-juni-2013.pdf

https://www.ntnu.no/blogger/ub-lokalhistorie/2016/02/18/lokalhistorie-poetinne-dorothe-engelbretsdatter-dode-for-300-ar-siden/

http://www.daria.no/skole/?tekst=1791

https://nbl.snl.no/Dorothe_Engelbretsdatter

Preaching from Home: The Stories of Seven Lutheran Women Hymn Writers
An Encyclopedia of Continental Women Writers, Volume 1

საქორწილო პროცესია ჰარდანგერში

brudeferd_1260_902_90_s_c1
“საქორწილო პროცესია ჰარდანგერში”

 

“საქორწილო პროცესია ჰარდანგერში” ნორვეგიული მხატვრობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნიმუშია. ნახატზე პეიზაჟი ეკუთვნის ჰანს გუდეს, ხოლო ფიგურები – ადოლფ ტიდემანდს. ამ მოტივზე რამდენიმე ვერსიაა შექმნილი (შვიდი), თუმცა ყველაზე პოპულარული მათგან ის ვერსიაა, რომელიც დიუსელდორფში 1847-48 წლებში დაიხატა და ამჟამად ნორვეგიის ეროვნული მუზეუმის მფლობელობაშია.

ტიდემანდისა და გუდეს ეს ერთობლივი ნამუშევარი ნორვეგიულ ხელოვნებაში ნაციონალური რომანტიზმის ტიპური გამოხატულებაა თავისი მზით განათებულ ვესტლანდსფიორდზე მცურავ ნავში საზეიმოდ გამოწყობილი მაყრიონით.  ნახატი ქრისტიანიის ხელოვანთა გაერთიანებამ შეიძინა და თავის წევრებს შორის გაათამაშა 1848 წელს. იმავე წელს ტილოს მეორე ვერსია დაიხატა, რომელშიც ნავში მჯდომი მევიოლინის მოდელის როლი ულე ბულმა, ცნობილმა ნორვეგიელმა მევიოლინემ შეასრულა.

 

 

 

 

http://www.fineart.no/doc/brudeferdenihardanger
https://snl.no/Brudeferd_i_Hardanger

ოდ ნერდუმი – უხამსი გენიოსი ძველი ოსტატების კვალდაკვალ

ანტიმოდერნიზმი

            თანამედროვე ეპოქაში, როდესაც ხელოვნებამ სხეული დაკარგა და აბსტრაქტულ ცნებად გადაიქცა, როდესაც ხელოვანები მთელი მონდომებით ცდილობენ რეალობის კონცეპტებად გადაფუთვას და თანამედროვე არტსაც ჯერ კიდევ ახალი საღებავის სუნი უდის, დიდი გამბედაობაა საჭირო რათა უბრალოდ ხატო ის, რასაც ხედავ. რასაც ყველა ხედავს. ოღონდ ხატო ისე, რომ დანახულმა ძირფესვიანად შეძრას მნახველი – დიდი გამბედაობაა საჭირო რათა საკუთარი თავი და სხვები მოურიდებლად გააშიშვლო და   დაუბრუნდე ძველს, დაუბრუნდე ადამიანს, იმ ადამიანს, რომელიც მარტოა სამყაროში თავისი შიშების, ტკივილებისა და ეჭვების ამარა. ოდ ნერდრუმი, მხატვარი, რომლის მთელი ცხოვრებაც დინების წინააღმდეგ ცურვაა, ადამიანია, რომელმაც შეიცნო საკუთარი თავი, ადამიანი, რომელიც არ ერიდება სკანდალსა და თავისი კლასიკური ხატვის მანერასთან შერწყმული ტაბუირებული თემატიკის ტილოებით ერთნაირად აღიზიანებს და აღაფრთოვანებს პუბლიკას მას შემდეგ, რაც პირველად გამოვიდა ასპარეზზე გასული საუკუნის 60-ანი წლების ბოლოს.

ოდ ნერდრუმის თითოეული ნახატი იმპულსით იწყება. იმპულსით რომელსაც იგი გარესამყაროსაგან იღებს. მოვლენები, ადამიანები თუ სიტყვები ხორცს ისხამენ და ოსტატის ტილოზე ფორმას იღებენ იმ ტექნიკით, სადღაც მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში რომ გადაგისვრის. ტილოებზე კარავაჯოსეულ ფერებში ცოცხლდებიან რემბრანდტისეული სახეები. ოდ ნერდრუმი განსაკუთრებით საინტერესო სწორედ მისი სკანდალურობის გამოა. ნახატები, რომლებშიც ერთმანეთს ერწყმის კონსერვატორული ხატვის მანერა და სრულიად არაკონსერვატორული თემატიკა, თავიდანვდე გახდნენ ნორვეგიელი კრიტიკოსების გაოცებისა და აღშფოთების საგანი. მათთვის მიუღებელი იყო ერთ კონტექსტში და ერთ მთლიანობაში აღექვათ რემბრანდტის, კარავაჯოს მანერა და ამ მანერით შესრულებული განყენებული ადამიანის ფიგურები, თითქოს ბუნებრივი ჰაბიტატიდან ამოგლეჯილი და სადღაც, დროისა და სივრცის მიღმა ჩანერგილი სხეულები. დრო და სივრცე კი ნერდრუმის შემოქმედებაში პირობითი ცნებებია. მისთვის არც ერთი მათგანი არ არსებობს. ოდ ნერდრუმის ქმნილებები უარყოფენ ყველა პირობითობას და მარადისობასა და უსასრულობაში არსებობენ, თავად მხატვარსაც ერთადერთი რამის განვითარებისა სწამს – ცალკეული ინდივიდისა, ამიტომაც თავს არც ავანგარდისტებს მიაკუთვნებს, არც მოდერნისტებს და არც იმისთვის იბრძვის, რომ რაიმე დაამტკიცოს. მისი მნიშვნელობა უკვე არაერთხელ დაამტკიცეს მაღალი ფასის მიუხედავად გაყიდულმა ტილოებმა, საერთაშორისო კოლექციონერთა და მუზეუმების დაუოკებელმა ინტერესებმა, არაერთმა შთაგონებულმა ხელოვანმა და მოსწავლეების მთელმა არმიამ ნერდრუმის აკადემიაში. ოდ ნერდრუმის აზრით, მოდერნისტები საკუთარ ეპოქაზე არიან დამოკიდებულნი, წლების შემდეგ კი, უკან მოხედვისას აღმოაჩენენ, რომ ის, რაც იქიდან ჩვეული ბრწყინვალებით იმზირება, ისევ და ისევ კლასიკოსთა შემოქმედებაა. სწორედ ამიტომ ემიჯნება იგი მოდერნიზსმსა და მიჰყვება დროის მიერ გამოცდილ გენიოსთა ნაფეხურებს.

ოდი – პირველი ნაბიჯები

 

ოდ ნერდრუმი შვედეთში, ჰელსინგბორგში 1944 დაიბადა. ის ოსლოს ხელოვნების აკადემიის სტუდენტი იყო, როდესაც აკადემიის მიერ ორგანიზებული სტუდენტური ექსკურსიისას სტოკჰოლმში გამოეყო ენდი უორჰოლისა და როი ლიხტენშტაინის ნამუშევრების გარშემო შეკრებილ სტუდენტთა ჯგუფს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში და ეროვნული მუზეუმის რემბრანდტის დარბაზისკენ გაეშურა. აქ იგი მოჯადოებული იდგა კლავდიუს ცივილისის წინ. სწორედ ეს იყო გარდამტეხი მომენტი ნერდრუმის ცხოვრებაში. მან გადაწყვიტა რემბრანდტის მანერით ხატვა შეესწავლა. თუმცა აღოჩნდა, რომ ეს არც ისე მარტივი იყო, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. ოდის ამ გადაწყვეტილებამ მაშინვე გამოიწვია კონფლიქტი აკადემიის სტუდენტებსა და პროფესორებთან. არავინ იყენებდა ძველ ტექნიკას და მიაჩნდათ, რომ პროექტი რეაქციული და გამომწვევი იყო. თანაც ფიგურატიული ხელოვნების აკადემიაში სწავლების წიინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ ფიგურატიული ხელოვნება პოპულარულია და ამგვარად თანამედროვე ხელოვნების კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს. ნერდრუმმა დატოვა აკადემია და ძველი ოსტატების შესწავლა დაიწყო. შეიძლება ითქვას, რომ აქედან დაიწყო მისი ბრძოლა მოდერნიზმის წინააღმდეგ. ამბობდა კიდევაც: „მოდერნიზმი ჩანდა ძალიან მოძველებული და უამური, უკვე იმდენი მოდერნისტული ნამუშევარი მქონდა ნანახი, რომ პირდაპირ ყელში ამომივიდა“.

 

ახალგაზრდა მხატვარი განსაკუთრებულ სიახლოვეს კარავაჯოსა და რემბრანდტთან გრძნობდა. კარავაჯოსთან რეალიზმისა და მის სურათებში არეკლილი ულმობელი, დრამატული ტემპერამენტის გამო, ხოლო რემბრანდტან მისი თვალწარმტაცი სუბსტანციისა და ადამიანური მოთმინების.

ნერდრუმი პუბლიკისათვის 60-იან წლებში გახდა ცნობილი. 1970-იანებში მისი ნამუშევრები უკვე აღფრთოვანებასა და გაოცებას იწვევდა მნახველში, თანამედროვე ესთეტიკის საპირისპიროდ ოდ ნერდრუმი ტრადიციულ ფიგურატიულ მხატვრობას ქმნიდა, ამის გამო კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა სამშობლოში, თუმცა კი საზღვარგარეთ დიდი ყურადღება დაიმსახურა და აღიარება მოიპოვა. იგი სწრაფად გამოეყო ახალგაზრდა მხატვრების ჯგუფს და ერთ-ერთი მოწინავე ფიგურა გახდა მოდერნიზმისა და დოგმების წინააღმდეგ ამბოხში, მან შექმნა მოტივები, რომლებმაც ნერდრუმი სკანდინავიის ყველაზე ხშირადხსენებად და ლანძღვად მხატვრად აქცია.

 

 

კიჩი

 

კიჩ-მხატვრობა კლასიკური მხატვრების ინტერნაციონალური მიმდინარეობაა, რომელიც 1998 წელს ოდ ნერდრუმის წამოყენებული იდეების საფუძველზე ჩამოყალიბდა, როდესაც მან ასტრუპ ფერნლის მუზეუმში რეტროსპექტიული გამოფენის გახსნაზე საკუთარი თავი კიჩის-მხატვრად გამოაცხადა და გამოიყენა ტერმინი კიჩი, როგორც თანამედროვე ფიგურატიული მხატვრობის შესაფერისი სახელწოდება. ეს კი მიმართების რადიკალურ ცვლილებას ნიშნავდა, რადგანაც კიჩი ნეგატიური სიტყვა იყო, გადაჭარბებული სენტიმენტალობის აღმნიშვნელი. ნერდრუმის დამოკიდებულება კიჩისადმი ერთგვარი პოლემიკური თავდასხმა იყო ხელოვნების ინსტიტუტზე და ფიგურატიული მხატვრობისათვის ალტერნატიული კრიტერიუმების ჩამოყალიბების სურვილი. სადაც – ნერდრუმის თქმით, – მხატვრული ხელობა, გულწრფელობა და ადამიანური მგრძნობელობა ცენტრალურია: „როცა აღმოვაჩინე, რა არის ხელოვნება და რა არის კიჩი, მივხვი, სად ვგრძნობდი თავს ისე, როგორც შინ. ამიტომაც გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და ბოდიშს მოვითხოვ. მე საკუთარ თავს ხელოვანს ვუწოდებდი და თან პირში უსიამო გემოს ვგრძნობდი. ახლა ვიცი, რომ მე ეს არ ვარ. მე ყალბი დროშის ქვეშ დავცურავდი და ბოროტად ვიყენებდი პრესის ინტერესს და ინტელიგენციაც, რა თქმა უნდა, სრულიად სამართლიანადაა განრისხებული. ჩემი ნამუშევრების მიღმა არაფერი ღრმა არ დევს. ყველაფრის დანახვა ზედაპირზეა შესაძლებელი. მეტს არაფერს გეტყვით, არც ხელოვანებს და არც ინტელექტუალებს.   სრულიად სამართლიანად ისაკლისებენ ისინი ჩენს ნახატებში სიღრმესა და დროს. მაგრამ ღმერთმა იცის, ვცდილობდი რაც შემეძლო კარგად გამომეხატა ადამიანის სწრაფვანი ჩემი კიჩით. განა რა გვამოძრავებს იმაზე ძლიერად, ვიდრე ბავშვობის და სიჭაბუკის წადილები? და თუკი ჭეშმარიტება ამ ლტოლვებშია. ისინი იმ ბოშა გოგონაში უნდა იძებნოს, მზის ჩასვლის ფონზე რომ შემოისეირნებს. ხელოვნება ხელოვნებისთვისაა და საზოგადოს ეხება. კიჩი ცხოვრებას ემსახურება და ცალკეული ადამიანებისთვისაა“. განაცხადა ნერდრუმმა. მიმდინარეობამ შემდგომ დასრულებული სახე მიიღო ოდისავე წიგნში „კიჩის შესახებ“. კიჩის მიმდევრები ტერმინს აღიქვამენ არა როგორც უარყოფითს, ან ხელოვნების საპირისპირო ცნებას, არამედ როგორც რაღაც დადებითს. თავისთავად დამოუკიდებელ ზედანაშენს და ისინი ამტკიცებენ., რომ კიჩი არის არა მოძრაობა ხელოვნებაში, არამედ მოძრაობა ფილოსოფიაში: ღირებულებათა და ფილოსოფიის ზედანაშენი, რომელიც ცალკე დგას ხელოვნებისაგან. კიჩ-მოძრაობა მოიაზრებოდა როგორც არაპირდაპირი კრიტიკა თანამედროვე ხელოვნების სამყაროსი, მაგრამ ნერდრუმის თანახმად და მრავალი კიჩ-მხატვრის აზრით, ეს სულაც არაა მათი მიზანი. კიჩ-ფილოსოფია ბუნებით ჰუმანისტურია და ახასიათებს ემპირიზმი და/ან ობიექტივიზმი, განსაკუთრებით როცა საქმე ესთეტიკას ეხება. იგი გამოცდილებაზეა დაფუძნებული. ა პოსტერიორზე, ხელოვნების საწინაღმდეგოდ, რომელიც, კანტის აზრით ა პრიორულ ცოდნაზეა დაფუძნებული. კიჩ-მხატვრობა ხაზს უსვამს და გამოკვეთს ინდივიდუალიზმსა და თავისუფლებას.

ზოგადად კიჩის კრიტიკა აჟღერებდა აზრს, რომ ამ მიმდინარეობის მხატვრები ემსახურებოდნენ არა ჭეშმარიტებას, არამედ სილამაზეს. ნებისმიერი მცდელობა რაიმე მშვენიერის შექმნისა კიჩამდე მივიდოდა. კიჩი კი არ იღებდა მონაწილეობას ხელოვნების განვითარებაში, მაშინ როდესაც ხელოვნება კრეატიული იყო. თუმცა ოდ ნერდრუმი, რომელსაც ხშირად რეაქციონერად ნათლავდნენ მიიჩნევდა, „გულწრფელობისგან უფრო მეტი მოგებაა, ვიდრე ირონიისგან“ და „კიჩი ნიჭთანაა წილნაყარი, ხელოვნება კი უპირისპირდება ტალანტს“

 

 

ოდ ნერდრუმის ნახატები

            ნერდრუმის ნახატები სამ კატეგორიად შეიძლება დაიყოს: ნატურმორტები და ინდივიდუალურ ფიგურაზე ორიენტირებული ნახატები, პორტრეტები და ავტოპორტრეტები, ალეგორიული ნახატები, ჩვენი ცივილიზაციის შემდგომი ადამიანებისა. თავდაპირველად ოდმა ძალები სოციალური თემატიკის მხატვრობაშ მოსინჯა, ამ პერიოდიდან აღსანიშნავია „ანდრეას ბაადერის მკვლელობა“ სადაც მას ტერორისტი ქრისტეს მსგავს ფიგურად ჰყავს გამოხატული და „ლტოლვილები ზღვაზე“ 80-ანი წლებიდან ოდმა უარი თქვა სოციალურ მოტივებზე, ლტოლვილები ზღვაზე მისი ბოლო ნამუშევარია ამ კონტექსტში, ახალი ეპოქა კი იწყება „ტრანსფიგურაციიით“, ნერდრუმის პერსონაჟებმა გზა გაიკვალეს საზოგადოებიდან მისტიკური, არქეტიპული და დროისაგან მოწყვეტილ სამყაროსაკენ. მათი სამოსი, იარაღი თუ თავსაბურავები აწ უკვე გამქრალი წარსულის გადმონაშთია. ისინი არსებობენ უნაყოფო და გახრწნილ ბინდბუნდში, რომელიც ისლანდიის ბუნების ფერებითა და ფორმებითაა შთაგონებული. ნერდრუმისათვის ბინდი აზრისა და სხეულის შეხვედრის ადგილია, სადაც ფიგურების ჟესტები და გაპობილი პირები სულსა და საღ აზრს, ბუნებასა და კულტურას, ინდივიდსა და კოლექტივს შორის არსებულ წნეხს გამოხატავენ.

maleri-nerdrum-baader
ანდრეას ბაადერის მკვლელობა (1977-78)
ab3f2203ff1b23b2530b9b5c6176e41f
ტრანსფიგურაცია (1983)

 

ისევ და ისევ ოდ ნერდრუმი ხატავს იზოლირებულ ფიგურებს რომლებიც მყუდროდ მოკალათებულან საკუთარ მარტოობაში. შეიძლება ითქვას, ეგუებიან საკუთარ ბედისწერას და არასოდეს სვამენ კითხვებს, რადგან მისი ალტერნატივა არ იციან. ნერდრუმის ნახატებში მარტოობა უკვე აღარ იწვევს შიშს, იგი ცხოვრების ფაქტადაა ქცეული. ნერდრუმის ნახატებში ქალები და კაცები ცოცხლობენ იზოლაციაში, არავის ეგუებიან. იმდენადაც ჩანს, რომ მის ადამიანებს მხოლოდ მარტოობაში შეუძლიათ გადარჩენა, რადგან როდესაც ისინი ერთად არიან, არიან ინდიფერენტულეი, ისინი ისეთივე ცარიელები არიან შიგნიდან, როგორი ცარიელიც გარემოა მათ გარშემო.

თავისი კლასიკოსი წინამორბედების მსგავსად, ნერდრუმიც უამრავ ავტოპორტრეტს ხატავს სადაც საზღვრები დადგმასა და რეალობას შორის იშლება. თავისი მოუწესრიგებელი თმითა და გრძელი პერანგით ნერდრუმსაც კი ყოველდღიური და სახასიათო გარეგნობა აქვს.

 

მხატვრობა, როგორც თავის გამჟღავნება

            ოდ ნერდრუმის შემოქმედება გაჟღენთლია მისი ბიოგრაფიით, იმპულსები, რომლებიც მხატვარს ხელში ფუნჯის აღებას აიძულებდნენ მისივე პირადი სამყაროდან მოდიოდა, მთელი ცხოვრება ტანჯავდა ოდს ეჭვები იმ ადამიანთან დაკავშირებით, რომლიც მის მამად იწოდებოდა – სკანდინავიური ავიახაზების იურისტისა და დირექტორის, იუჰან ნერდრუმისადმი. მართალია გარემო პირობები ამის წინაპირობას არ ქმნიდა, მაგრამ მომავალ მხატვარს მუდამ სტანჯავდა განცდა, რომ იგი არ ეკუთვნოდა თავის ოჯახს. ოდის ეჭვები გარკვეულწილად მაშინ დადასტურდა, როდესაც 1991 წელს იუჰან ნერდრუმი გარდაიცვალა და ახალგაზრდამ შეტყობინება მიიღო, რომ არ სურდათ, იგი დაკრძალვაზე მისულიყო.   უკვე მომავალ ზაფხულს ახალი მიმართულება მიიღო საქმემ, ოდის მოწაფე, სტიგ რისტესუნდი შინ დაბრუნდა ჰაუგესუნდიდან და ოდს უამბო ხანში შესული არქიტექტორის შესახებ, რომელიც ძალინ მიემსგავსებინა მასწავლებლისათვის. – მას ხომ ოდის მსგავსი მზერა, იგივე მოძრაობები და ისეთივე ნერვული ტიკები ჰქონდა. არქიტექტორს დავიდ სანდვედი ერქვა და იმის გარდა, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი შენობა დაეპროექტებინა ჰაუგესუნდში, გამოჩენილი ანთროპოსოფი და კულტურული ფიგურა იყო. მაშინ ოდს გაახსენდა, 17 წლისამ როგორ ნახა დედამისის ერთ-ერთ წიგნზე მიძღვნა „ლილემურს დავიდისაგან“.   დედამისმაც დაუდასტურა თავისი და დავიდის ურთიერთობა, რომელიც მეორე დღეს ისევ უარყო. ოდმა 1993 წლამდე იცადა, შემდეგ კი სტიგისა და მისი კონტაქტების დახმარებით სანდვედის რამდენიმე ფოტოსურათის მოპოვება შეძლო. ორი თვის შემდეგ იგი უვე 81 წლის სანდვედს ეწვია და ოდის ცხოვრების ნაწილებმაც საკუთარ ადგილებზე იწყეს დაბრუნება.

722de5159b71dd518db94a4e250e0d32

ამავე წელს დახატა ოდმა „მამა პოულობს თავის ვაჟიშვილს“ მაგრამ ფაქტობრივი მოცემულობის აღწერის ნაცვლად, საკუთარი თავი პასიურ როლში გამოსახა და საშუალება მისცა მოტივს გადმოეცა მრავალწლიანი ლტოლვა მამისადმი. ამ ვერსიაში მამა პოულობს მძინარე შვილს, რომლის გარშემოც მოუსვენარი მოხეტიალის ნივთებია მიმოფანტული. როგორც იქნა ჰორიზონტზე ჩნდება მამა, რათა გაათავისუფლოს შვილი შიშისა და ტკივილებისაგან და ასე, ერთად მიცურავენ ისინი ყოფიერების აუტანლობიდან, უკან, შემრიგებელი მიღმიერისაკენ, საიდანაც მოვიდნენ.   ზღვის სიმბოლოებს კი ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ოდ ნერდრუმისათვის.

დღესდღეობით ოდ ნერდრუმი ისლანდიის მოქალაქეა, იქ ცხოვრობს და მოღვაწეობს, მისი შემოქმედება ისევ აღაფრთოვანებს მნახველს და მხატვარიც სრულიად საფუძვლიანად აცხადებს – „ მე მარადიული ვარ“.