ნილს ფერლინი (1898-1961) – პოეტი კარლსტადიდან

2737435_1200_675.gif

1898 წელს, შვედეთის ყველაზე მზიან ქალაქში, კარლსტადში, დაიბადა შვედი პოეტი და ლირიკოსი ნილს აინარ ფერლინი. პოეტის მამა, იოჰან ალბერტ ფერლინი, პროფესიით ჟურნალისტი იყო და 19 წლის განმავლობაში მუშაობდა ახალი ვერმლანდის გაზეთის (Nya Wermlands-Tidningen) რედაქტორად. მოგვიანებით მიიღო შეთავაზება მთავარი რედაქტორის პოსტზე ახლად შექმნილ გაზეთ ბერისლაგენში, სადაც 1908-1909 წლებში მოღვაწეობდა. კომპანია, რომელიც გაზეთებს გამოსცემდა 1909 წლის გაზაფხულზე გაკოტრდა. ამ ინციდენტიდან მალევე, ნილს ფერლინის მამა, გარდაცვლილი იპოვეს მდინარე კლარელვენში. ლირიკოსის დედა, ელინ ნატალია (ქალიშვილობის გვარი ანდერსონი) ლიტერატურის დიდი მოყვარული იყო. ნილს ძალიან უყვარდა დედა და რამდენიმე პოემაც კი მიუძღვნა. პოეტს ორი და ჰყავდა – ლიზა და რუთი.

1421356_1200_675.jpg

ნილს ფერლინი 10 წლამდე მშობლიურ კარლსტადში ცხოვრობდა. როდესაც მამა სამუშაოდ ახალ გაზეთში გადავიდა, ოჯახი ფილიპსტადში გადასახლდა. 1915 წელს გაემგზავრა სტოკჰოლმში, სადაც თავის ბიძასთან ცხოვრობდა. ერთ წელში მთელი ოჯახი გადმოვიდა სტოკჰოლმში და ამ დროიდან, ფაქტობრივად, დაიწყო მისი კარიერა. ახალგაზრდობაში მან რამდენიმე პროფესია გამოიცვალა, იყო მეზღვაური, მემონტაჟე, ყინულის მჭრელი (პროფესია, რომელიც მაცივრის გამოგონებამ გააქრო. ყინულისმჭრელები გაყინული მდინარეებიდან და ტბებიდან ჭრიდნენ ყინულის ბლოკებს და ყუთებში აწყობდნენ, რათა შემდგომ საკვები ცივად შეენახათ), დამხმარე წიგნის მაღაზიაში, მეტორფე, მჭედელი, ქვანახშირის მუშა, კურატორი, ტყის მჭრელი, მებაღე, გადამზიდავი კომპანიის მფლობელი. პერიოდულად ნილს ფერლინი მსახიობიც იყო.  

k_g_bejemark_nils_ferlin_stora_torget_filipstad_04

ფერლინის ქანდაკება ფილიპსტადში

ამ გამოცდილებამ ლირიკოსს მისცა საშუალება, ეწერა სხვადასხვა საკითხებზე, ისე რომ ყველასაგან გამორჩეული ყოფილიყო. მისი მნიშვნელოვანი პოეტური დებიუტი 1939 წელს შედგა და მაშინვე მოიპოვა აღიარება. ავტორის მარტივი მაგრამ დახვეწილი ნამუშევრები, შვედურ ლიტერატურაში შევიდა, როგორც “ყოველდღიური ტონი” (Hverdagstone). ის არ ერიდებოდა ჟარგონების გამოყენებასაც კი. ნილს ფერლინის დაწერილ ყოველ სტრიქონს საკმაოდ მძაფრი, პერსონალური, კონტაქტი გააჩნია მკითხველთან. მის ლექსებში იგრძნობა, როგორც მელანქოლია, ისე პესიმიზმი, თუმცა ამის მიუხედავად, პოეტი ყველაფერს იუმორით უყურებს.

 

Sólstafir

solstafir02.jpg
1995 წელს, ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიშკი, სამმა მეგობარმა ბენდი Sólstafir (სოულსტავირ) ჩამოაყალიბა. მუსიკალური ჯგუფის თავდაპირველი შემადგენლობა შემდეგი იყო: ადალბიორნ “ადი” ტრიგვასონი(გიტარა და ვოკალი), ჰალდორ ეინარსონი (ბასი) , გუდმუნდურ “გუმმი” ოული პაულმასონი (დრამები) . იმავე წელს ჩაწერეს პირველი დემო ალბომი Í Norðri და თავისი ხარჯებით გამოსცეს კასეტის სახით, თანაც ლიმიტირებული რაოდენობით – მხოლოდ 100 ცალი. ერთი წლის შემდეგ Sólstafir-მა პირველი EP Til Valhallar გამოსცა, რომელმაც ისლანდიელი მსმენელის მოწონება დაიმსახურა და ბენდს მეტი პოპულარობა და აღიარება მოუტანა. 1997 წელს ბენდი დატოვა ჰალდორ ეინარსონმა და ის სვავარ აუსტმანმა ჩაანაცვლა. ახალ წევრთან ერთად 2002 წელს ჩაიწერა სტუდიური ალბომი Í blóði og anda. 2004 წლისთვის ჯგუფი საკმაოდ პოპულარული იყო ევროპულ ანდეგრაუნდ მსენელებში. იმავე წელს დანიაში გამართეს კონცერტი, რომელიც პირველი იყო ისლანდიის გარეთ. ყველა ზემოთხსენებული ჩანაწერი ვიკინგური და ბლექ მეტალის ელემენტებით იყო გაჯერებული. შეიძლება ითქვას, რომ ამ ალბომებმა ბენდის საერთაშორისო წარმატება ვერ განაპირობა. Sólstafir-ის  შემდეგი ალბომი 2005 წელს გამოვიდა, თუმცა მანამდე ორი დემო ჩაიწერა:  Promo Tape September 1997 და Black Death. ახალი სტუდიური ალბომის სახელწოდება ერთადერთია, რომელიც ინგლისურენოვანია  – Masterpiece of Bitterness. ეს ალბომი საინტერსო იმითაა რომ ბენდმა სრულებით შეცვალა ჟანრი და ბლექ მეტალიდან პოსტ-მეტალზე გადავიდა, მათ კიდევ ერთი ახალი წევრი შეემატა – სეთოურ მარიუს სეთოურსონი (გიტარა) და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საერთაშორისოდ ცნობილ ლეიბლთან Spikesfarm Records-თან გააფორმა კონტრაქტი. ამ ალბომის შემდეგ, ფაქტობრივად, Sólstafir-ის  პოპულარობა ნელ-ნელა საერთაშორისოდაც გაიზარდა. ოთხი წლის შემდეგ გამოვიდა ალბომი Köld, რომელშიც უკვე პოსტ-მეტალთან პროგრესიული მეტალიც გხვდება და  დღემდე მათ ერთ-ერთ საუკეთესო მუსიკალურ აქტად მიიჩნევა, რაზეც სხვადასხვა კრიტიკოსების დადებითი შეფასებები მეტტყველებს. . 2011 წელს კი გამოვიდა პირველი სინგლი Fjara, რომლის მუსიკალური კლიპი ისლანდიურმა კინოწარმოების კომპანიამ Don’t Panic Films-მა გადაიღო და ძალიან დიდი სიმპათია დაიმსახურა როგორც ვიდეომ,  ისე მუსიკამ.

Sólstafir – Fjara

2011 წელს Sólstafir-მა ახალ ლეიბლთან Season of Mist-თან გააფორმა ხელშეკრულება. ეს ფრანგული ხმისჩამწერი სტუდია 100-ზე მეტ მსოფლიოში ცნობილ ბენდთან თანამშრომლობს, კერძოდ Mayhem, ABBATH, Arcturus, Solefald, Watain, Kampfar და ა.შ. (ძირითადად ექსტრემული მეტალის წარმომადგენლებთან). მათი მხარდაჭერით გამოვიდა ახალი ალბომი Svartir Sandar. ამ ალბომმაც დადებითი შეფასება დაიმასხურა და ცნობილმა მუსიკალურმა საიტმა Allmusic.com-მა 4/5 ვარსკვლავით შეაფასა.

0f5fb073-0fee-4b84-a0ab-df2f24b013dd.jpgადალბიორნ ტრიგვასონი

2014 წელს გამოვიდა ბენდის ბოლო სტუდიური ალბომი Ótta. ამ ჩანაწერმა დადებითი შეფასება მიიღო Metal Storm-ისგან (8/10)  და Exclaim! -ისაგან (8.3/10).

2015 წელს ბენდი დატოვა ჯგუფის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გუდმუდნურ პაულმასონმა. 2015 წლის იანვარში Sólstafir-მა ფეისბუქის გვერდზე დაპოსტა, რომ პაულმასონი არ შეუერთდებოდა ბენდს ევროპულ ტურში, რასაც პერსონალური მიზეზებით ხსნიდნენ. გუდმუნდურმა განაცხადა, რომ ის ბენდიდან ძალით გამოაგდეს და ჩამოაშორეს მთელი ცხოვრების შემოქმედებას.

სიმღერების ძირითადი ნაწილი ისლანდიურ ენაზეა შესრულებული. 5 სტუდიური ალბომიდან მხოლოდ 9 სიმღერაა ინგლისურ ენაზე. მათი ლირიკული თემა დატვირთულია ემოციებით მელანქოლიურ-დეპრესიულ განწყობას გამოხატავს.

397727997_f4a28cb7ac_o.jpg

გუდმუნდურ პაულმასონი

Ihsahn – იშანი

ihsahn-square-e1383706680832

იშანი (Ihsahn), ნორვეგიული ბლექ მეტალის ერთ-ერთი პიონერი და მუსიკის დიდი ნოვატორი დაიბადა 1975 წლის 10 ოქტომბერს ნორვეგიის პატარა ქალაქ ნოტოდენში. მისი ნამდვილი სახელია ვეგარდ სვარე თვაითანი. ფსევდონიმის წარმოშობა უცნობია ერთ-ერთი ინტერვიუში 2009 წელს მუსიკოსმა თქვა: “ვფიქრობ, დედამიწაზე მხოლოდ სამი ადამიანია, რომელმაც იცის მნიშვნვნელობა და მე მინდა რომ ეს ასე დარჩეს. სერიოზული არაფერია. უბრალოდ ეს არის ის, რასაც საიდუმლოდ ვინახავ მრავალი წელია(იცინის)”.იშანის სახელი დაკავშირებულია ნორვეგიულ ბლექ მეტალთან,რომლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შემსრულებელია. ის არის მულტი-ინსტრუმენტალისტი და უკრავს გიტარაზე, ბასზე, კლავიშებზე, დრამებზე. შვიდი წლის ასაკიდან უკრავდა ფორტეპიანოზე, ხოლო გიტარაზე ათიდან. უკვე ცამეტი წლისამ  ბენდში დაკვრა დაიწყო, რომელიც შემდგომ ცნობილი გახდა როგორც “Emperor” -ი.

Emperor1992 წელს ემპერორმა ჩაწერა პირველი EPAs the Shadows Rise”, რომელიც 1994 წლამდე არ გამოსულა. ჩანაწერი, მხოლოდ ათწუთიანი იყო და სამ სიმღერას შეიცავდა. ამის შემდეგ იმავე წელს გამოდის ახალი ალბომი სახელად In the Nightside Eclipse“, რომელიც დღემდე აღიარებულია, როგორც ბლექ მეტალის სცენის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალბომი. ამ დროს იშანი, მხოლოდ 17 წლისაა. როგორც ცნობილია, თავდაპირველად, ის იყენებდა ფსევდონიმს იგს (Ygg), რომელიც, ალბათ, სკანდინავიური მითოლოგის მითიურ ხეს – იგდრასილს(Yggdrasil) უკავშირდება. თავდაპირველად ემპერორი, ისევე როგორც ყველა სხვა ბლექ მეტალ ბენდი, იყენებდა სასცენო მაკიაჟს, რომელსაც კორპსფეინთი ეწოდება (დამახასიათებელი თეთრი  და შავი გრიმი), თუმცა 1993 მათ შეწყვიტეს მაკიაჟის გამოყენება და მიზეზად დაასახელეს მისი გაუფასურება და იმ იდეის დაკარგვა, რაც მას ახლდა.  ემპერორმა 2001 წლამდე იარსება და ოთხი ალბომი ჩაწერა, რითიც დაამთავრა ახალი მუსიკის შექმნა.  თუმცა 2005-2007 და 2013-2014 წლებში კვლავ აღდგა, მხოლოდ საკონცერტო ტურებისთვის.(ბენდმა 500000 ათასზე მეტი ჩანაწერი გაყიდა) ემპერორამდე უფრო ადრე იშანი უკრავდა ბენდში “Thou Shalt Suffer“, რომელიც 1990 წელს ჩამოყალიბდა, თუმცა მან მალევე დატოვა  ეს ბენდი და მთელი ყურადღება ემპერორისკენ მიმართა.  1995 წელს ვეგარდი სინთეზატორზე უკრავს ალბომში “Blood Must be Shed“, რომელიც ჯგუფმა “Zyklon-B“-მ  გამოუშვა.

თავის ცოლთან ირიელთან ( ჰეიდი სულბერგ თვაითანი) ერთად 1998 წელ, იშანმა შექმნა ჯგუფი სახელად “Peccatum” -ი, რომელიც მრავალ ჟანრს მოიცავდა და ექსპერიმენტალურ ხასაითს ატარებდა. პარალელულად იშანი ემპერორში დაკვრას განაგრძობდა, თუმცა მისი დაშლის შემდეგ მთელ დროს მხოლოდ პეკატუმს უთმობდა და გამოსცა 3 სრული ალბომი და 2 EP.

1023_photo

2002 წელს იშანმა თავისი ქალაქისგან მიიღო პრიზი (“Notodden Kommunes Kulturpris“), როგორც ნოტოდენის დამსახურებული მკვიდრი, შესანიშნავი არტისტი, მუსიკის მასწავლებელი და მთელს მსოფლიოში ცნობილი.

2006 წელს დაიშალა პეკატუმი და იშანმა ხელი მიჰყო სოლო კარიერას, რომელიც, ჩემი აზრით და არა მარტო, მისი შემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია (მიუხედავად იმისა, რომ ემპერორი უფრო ცნობილი მოვლენაა). მან თავისი სახელის, იშანის, ქვეშ გამოსცა 5 სტუდიური ალბომი ესენია: “The Adversary” (2006) , “angL” (2008),  “After” (2010), “Eremita” (2012), “Das Seleenbrechen” (2013) ამა წლის 9 აპრილისთვის დაგეგმილია მისი მეექვსე ალბომის “Arktis” – ის გამოშვება. ყველა ზემოთხსენებული ალბომი არის პროგრესიული მეტალისა და ბლექ მეტალის ნაზავი, რომლებშიც მრავლად გვხვდება სხვადასხვა ექსპერიმენტებიც.

ihsahn

იშანის ცოლი არის და აინარ სულბერგისა, რომელიც არის ცნობილი ნორვეგიული პროგრესიული მეტალ ბენდის ლეპრუსის (Leprous) ვოკალისტი. სწორედ ლეპრუსის წევრები იყვნენ იშანის ლაივ ბენდი, რომლებმაც მასთან ერთად დაუკრეს “Wacken Open Air” -ზე.

იოუჰანეს სვეინსონ კიარვალი – მეთევზეობიდან სახალხო არტისტამდე

123

  ჩრდილოეთში მდებარე პატარა კუნძულ ისლანდიაზე, რომლის ხსენებაზე ქართველ მკითხველს მხოლოდ გეიზერები, ბიორკი და ახლა უკვე Sigur Rós-იც ახსენდება, 1885 წლის 15 ოქტომბერს დაიბადა იოუჰანეს სვეინსონ კიარვალი, ისლანდიის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მხატვარი.  ყველა ქვეყანას ჰყავს თავისი საყვარელი არტისტი, იტალიას – ლეონარდო და ვინჩი, ესპანეთს – ველასკესი და ა.შ. ისლანდიელთათვის კი ასეთი სწორედ იოუჰანესი გახლავთ, რომელსაც უდიდესი ადგილი უკავია ისლანდიის კულტურის ისტორიაში.

 იოუჰანეს კიარვალი დაიბადა ცამეტშვილიან ოჯახში,  რომელიც გაუსაძლის სიღარიბეში ცხოვრობდა. როდესაც ხუთი წლის შესრულდა, მშობლებმა გააშვილეს.  დედობილმა და მამობილმა ბიჭი კარგად აღზარდეს,  სურდათ, რომ იგი გამოჩენილი ბიზნესმენი გამხდარიყო. თუმცა მათი იმედები არ გამართლდა, ამის სანაცვლოდ ხელოვანი 27 წლამდე უბრალო მეთევზედ მუშაობდა და ამავდროულად მთელ  თავისუფალ დროს  ხატვას უთმობდა. საბაზისო  სამხატვრო განათლება იოუჰანესმა ისლანდიის ერთ-ერთი პირველი მხატვრის, აუსგრიმურ იოუნსონისგან მიიღო. იოუჰანესს არ ჰქონდა საშუალება სწავლა გაეგრძელებინა, თუმცა მეთევზებიისა და ისლანდიის შრომის კონფედერაციის ფინანსური დახმარებით დანიის სამეფო სამხატვრო აკადემიაში   ჩაირიცხა (ამ პერიოდში ისლანდია დანიის მმართველობას ექვემდებარებოდა), რომელიც წარჩინებით დაასრულა.  კოპენჰაგენში ცხოვრებისას იოუჰანესი გაეცნო მხატვრობის სხვადასხვა მიმართულებებს: იმპერსიონიზმს, ექსპრესიონიზმსა და კუბიზმს. მოგვიანებით მან იმოგზაურა საფრანგეთსა და იტალიაშიც.

1234567

  წლების განმავლობაში კიარვალი განუწყვეტლივ ხატავდა, ზამთარში სტუდიას და საცხოვრებელ ადგილს ქირაობდა რეიკიავიკში და შეუჩერებლად მუშაობდა. თბილ სეზონებზე კი ისლანდიის ჩრდილოეთში მიემგზავრებოდა, სადაც ადგილობრივი ფერმერის ნებართვით ზღვის სანაპიროზე კარავში ცხოვრობდა. მოგვიანებით  ფერმერმა იოუჰანესს პატარა ქოხი აუშენა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე მხატვრის ერთადერთი საკუთრება იყო.

2343242     ისლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქოხი,  რომელშიც  მხატვარი ზაფხულობით   ცხოვრობდა

  იოუჰანესი ძირითადად პეიზაჟებს ხატავდა. ამის გამო წარსულში ბევჯერ გააკრიტიკეს, თუმცა მისი პეიზაჟები საკმაოდ ღრმა შინაარსს ატარებდა. მათში ჩადებული იყო ის გრძნობები და გარემო, რომლებიც ისლანდიურ სოფლებს ახასიათებდა.  კიარვალის შემოქმედება ნაყოფიერი გამოდგა, მან დაგვიტოვა ათასზე მეტი ნახატი, რომლებიც სხვადასხვა მიმდინარეობებს აერთიანებს. ამ ნაშრომებში ვხვდებით, როგორც აბსურდულ ისე სიმბოლისტურ ელემენტებსაც. იოუჰანესი ხშირად თავის პეიზაჟებში ელფებს და მითოლოგიურ არსებებსაც წარმოგვიჩენს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მხატვარი ცხოვრების ბოლო წლებში აბსტრაქციით იყო გატაცებული.

1234

  ისლანდიელმა ხალხმა მიიღო და სიცოცხლეშივე დააფასა, საყვარელი შემოქმედი. ამას გარდა ის შვედეთის სამეფომაც დააჯილდოვა პრინცი ევგენის მედლით, რომელსაც მხოლოდ დამსახურებულ არტისტებს გადასცემენ.  იოუჰანესი გამოსახულია ისლანდიის 2000 კრონიან კუპიურაზე. ისლანდიის გამოჩენილმა მუსიკოსმა ბიორკმა კი მას ფლეიტაზე შერსრულებული ინსტრუმენტალური მუსიკა მიუძღვნა.

12345

Björk – Jóhannes Kjarval

 

 

დოროთე ენგელბრეთსდათერი – ნორვეგიული ბაროკოს წარმომადგენელი

Dorothe-Engelbretsdatter
დოროთე ენგელბრეთსდათერი

ორივე, შექსპირიცა და სერვანტესიც 1616 წლის 23 აპრილს გარდაიცვალნენ. ამით დასრულდა რენესანსის დიდი ეპოქა და დაიწყო ბაროკო. ეს ის პერიოდია როდესაც ადამიანები მუდმივ ომში, გაჭირვებასა და არეულობაში ცხოვრობენ. ამერიკა აღმოჩენილია, დედამიწის ფორმა ცნობილია. აუგსბურგის რელიგიური ზავიც დადებულია და  პროტესტანტები საკმაოდ მძიმე ეკონომიკურ-სოციალური პრობლემების წინაშე დგანან. გუტენბერგის მეთოდით უამრავი ახალი წიგნი იბეჭდება და პოეზიის როლი ევროპაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ხდება.

  ამ დროში ევროპაში გაბატონებულია ჰანზის კავშირი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ბალტიის და ჩრდილოეთის ზღვაზე სავაჭრო მონოპოლიას აწესებდა და მართავდა. ჰანსას ერთ-ერთი მნიშნველოვანი სავაჭრო ქალაქი იყო ნორვეგიაში მდებარე ბერგენი. ნორვეგია დანიის ბატონობის ქვეშ იყო მოქცეული და ბერგენი კოპენჰაგენის შემდეგ დანია-ნორვეგიის სამეფოს მეორე ქალაქი იყო, როგორც ეკონომიკური განვითარებით ისე მოსახლეობის რაოდენობითაც –  აქ დაახლოებით 8000-9000 ადამიანი ცხოვრობდა, რაც იმ დროისთვის საკმაოდ ბევრი იყო.

Scale
ბერგენი

  ბერგენში 1934 წლის 16 იანვარს დაიბადა დოროთე ენგელბრეთსდათერი – პირველი ნორვეგიელი პოეტი ქალი, რომელმაც ნორვეგიულ საზოგადოებაში მნიშვნელოვან აღიარებას მიაღწია . პოეტის ბავშვობის შესახებ მხოლოდ მწირი ინფორმაციაა შემორჩენილი, იგი ანა ვრანგელისა და ენგელბრეთ იორგენსონის ოჯახში დაიბადა.  მამა – ენგელბრეთი, რექტორი და ტაძრის მეუფე გახლდათ. რომელსაც იხსენებდნენ როგორც „მორწმუნე, ჩუმ და ღვთისმოშიშ კაცს“. (არსებობს მოსაზრება, რომ მის ყოფილ ცოლს დოროთეა დუე რქმევია და სწორედ ამის გამო დაარქვეს ქალიშვილს დოროთე). დოროთეს  ფორმალური განთლება არ მიუღია,  თუმცა ოჯახში საკმაოდ დიდი თეორიული ცოდნა დააგროვა ლუთერანულ რწმენაში, თეოლოგიასა და კულტურაში, რაც შემდგომ მის შემოქმედებაშც აისახა. 1656 წელს, 18 წლის რომ შესრულდა, დოროთემ იქორწინა ამბროსიუს ჰანდენბექზე, რომელიც იყო კონრექტორი და მღვდელი, მოგვიანებით კი დოროთეს მამის გარდაცვალების შემდეგ ბერგენის კათედრალის მეუფედ დაინიშნა.  დოროთეს ცხოვრება არ ყოფილა ბედნიერებით აღსავსე, მას ცხრა შვილი ეყოლა, რომლებიც მის სიცოცხლეშივე გარდაიცვალნენ. შვიდ მათგანთან გამომშვიდობება ადრეულ ასაკში მოუხდა, ერთი გაუჩინარდა  და ერთიც ბრძოლაში დაეცა. მისმა ქმარმა, ამბროსიუსმაც 1683 წელს მიაბარა სული უფალს და  დოროთემ სიცოცხლის ბოლო 30 წელი  სიმარტოვეში გაატარა. ბევრი ლიტერატურათმცოდნე მიიჩნევს, რომ სწორედ ამგვარი მძიმე ცხოვრება და რელიგიური განათლება გახდა პოეტისთვის შთაგონების წყარო.

  დოროთეს პოეზიაში ნათლად ჩანს მისი სიყვარული ბერგენისამდი და თუ როგორ იყო იგი მშობლიურ ქალაქზე დამოკიდებული. 1638 წელს, როდესაც დოროთე 4 წლის იყო, თითქმის მთელი ბერგენი ხანძარმა გაანადგურა. მთლი ქალაქი დამწვარი იყო, ასეულობით სახლი, კათედრალი, მერია, ლათინური სკოლა და სხვა. თავისი ცხოვრების განმავლობაში პოეტი კიდევ სამ დიდ ხანძარს მოეწსრო, პირველს 1660 წელს, მეორეს 1675 წელს და ბოლოს 1702 წელს, როდესაც ცეცხლმა  სახლი გაუნადგურა. მან ეს მოვლენები  პოემაში „Medlidig Trøst til Jndvaneren i Bergen” აღწერა:

O Bergen, where I was born, you have been tried
In fires which my pained eyes saw
Happen four times.

engelbretsdatter

 დოროთე ენგელბერთსდათერის ცხოვრებაში, გარდა ბერგენისა, დიდი როლი ითამაშა კოპენჰაგენმა. ქალაქმა, რომელშიც იგი თავისი სიცოცხლის განმავლობაში რამდენჯერმე ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. კოპენჰაგენი დანია-ნორვეგიის დედაქალაქი იყო, რომელიც ბერგენისგან არც ისე შორს მდებარეობდა, ამ ორ ქალაქს შორის მჭირდრო კავშირი არსებობდა, ოფიციალური პირები, სასულიერო პირები და ვაჭრები მუდამ მოგზაურობდნენ ერთი მათგანიდან მეორეში. დოროთეს ოჯახი 1647-1650 წლებში ცხოვრობდა კოპენჰაგენში, ანუ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დოროთე ყმაწვილი გოგონა იყო. ეს ის დროა, როდესაც დანიისთვის ოცდაათწლიანი ომი დასრულდა და 1648 წელს ვესტფალიაში ზავი დაიდო, იმავე წელს დანიის დიდებული მეფე კრისტიან IV გარდაიცვალა და გამეფდა ფრედერიკ III. დოროთე ყველა ამ მნიშვნელოვანი ცვლილების თვითმხილველი გახლდათ. (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კოპენჰაგენს გავლენა არ მოუხდენია მის სიყვარულზე ნორვეგიისადმი და კერძოდ ბერგენისადმი.  ის ნამდვილად ნორვეგიელი იყო, რასაც თავის პოემებში ხშირად უსვამდა ხაზს).

  ზუსტად არ არის ცნობილი თუ როდის დაიწყო დოროთემ ლიტერატურული მოღვაწეობა. მაგრამ ცნობილია, რომ თავისი ცნობილი ჰიმნებისა და პოემების წერას იგი 1670-იან წლებში შეუდგა. პირველი წიგნი 1678 წელს, 44 წლის ასაკში გამოსცა – „Siælens Sang-Offer“,   ამ წიგნმა ძალიან დიდი პოპულარობა მოუტანა დანო-ნორვეგიულ საზოგადოებაში. შემორჩენილი წერილებიდან ჩანს თუ როგორ აქებდა და რაოდენ დიდ პატივსა და სიყვარულს ამჟღავნებდა უბრალო ნორვეგიელი ხალხი პოეტესას  მიმართ. ის გახდა „მეათე მუზა დანო-ნორვეგიული პოეზიისა“. ამ წიგნთან დაკავშირებით ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გამოიკვეთოს ერთი ის რომ წიგნი დაწერილი იყო მის მშობლიერ ენაზე, ანუ ნორვეგიულად, როდესაც იმ პერიოდში წიგნები ძირითადად ლათინურ ენაზე იწერებოდა. მეორე კი ის, რომ წიგნი გამოიცა კრისტიანიაში(თანამედროვე ოსლოში). როდესაც წიგნები, ჩვეულებრივ,  კოპენჰაგენში იბეჭდებოდა. ( კოპენჰაგენში წიგნების ბეჭვდა 1482 წლიდან დაიწყეს, ხოლო ნორვეგიაში 1643 წლამდე ბეჭდური მექანიზმები არ არსებობოდა). სწორედ ამან განაპირობა ფაქტი, რომ წიგნზე  ხელი მიუწვოდებოდა საკმაოდ დიდ აუდიენციას.

    დოროთეს პოეტური დებიუტის შემდეგ მალევე, 1683 წლის 13 ივნისს გარდაიცვალა მისი მეუღლე, რომელსაც პოეტესა სიცოცხლის ბოლომდე გლოვობდა და სწორედ მას მიუძღვნა შემდეგი წიგნი –  „Taare-Offer“ (1685).  ამ  ნაწარმოებიდან ჩანს თუ როგორ უყვარდა დოროთეს თავისი ქმარი და როგორი ბედნიერი ქორწინება ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ „Taare-Offer“  არ იყო  ორიგინალური ნაწარმოები, იგი წარმოადგენდა  ნორვეგიელი პასტორის, პედერ მიოლერის ხელნაწერის პერიფრაზს, პედერ მიოლერმა ასევე თარგმნა 1675 წელს გერმანიაში გამოცემული გერმანელი მწერლის, ჰაინრიხ მიულერის ნაწარმოები.

   მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დოროთეს არ ჰქონდა საშუალება რომ მარტოს ეცხოვრა. 1684 წელს მეფემ ის სამუდამოდ გაათავისუფლა გადასახადებისაგან, რაც შეგვიძლია მივიჩნიოთ ხელოვანი ადამიანების პირველ სტიპენდიად ნორვეგიაში. დოროთეს მუდამ ჰქონდა იმედი, რომ მისი ორი ვაჟი ცოცხალი იქნებოდნენ. თუმცა მისი ერთი ვაჟიშვილი –  ლუკასი, წოდებით მეორე ლეიტენანტი 1685 წელს ვენეციურ-თურქულ ომებში ბარონ ულრიკ ფრედერიკ ვალდემარ ლოვენდალის(1660-1740) კავალერიაში ბრძოლისას დაეცა. ამის შემდეგ ერთადერთ იმედი მეორე ვაჟის ენგელბრეთის ლოდინიღა იყო, რომელმაც ბერგენი 1681 წელს დატოვა და სასწავლებლად გერმანიაში გაემგზავრა, თუმცა 26 წლის ასაკში მისი კვალი ქრება.

   დოროთე ენგელბრეთსდათერის წიგნები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ამიტომაც ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც მათ ავტორის ნებართვის გარეშეც გამოსცემდნენ. ეს პოეტესას ძალიან აბრაზებდა, რადგანაც ამგვარად გამოცემული წიგნებიდან  შემოსავალი არ ჰქონდა და თანაც მისი ნაწარმოებების დამახინჯება ხდებოდა. დოროთემ  დანიის მეფესა და დედოფალს თხოვნით მიმართა, რომ აეკძალათ მისი წიგნების კოპირება ნებართვის გარეშე. ასე გახდა დოროთე პირველი ნორვეგიელი მწერალი, რომელმაც საავტორო უფლებები მოიპოვა თავის ნაწარმოებებზე. აგრეთვე იგი იყო პირველი  პოეტი ქალი დანია-ნორვეგიაში ( მეფისადმი მიწერილ წერილში სწორედ ასე უწოდა მან საკუთარ თავს) და პირველი მწერალი ნორვეგიაში, რომელმაც ჰონორარი მიიღო თავისი შემოქმედებისთვის.

   როდესაც დოროთეს შემოქმედებას ვუყურებთ ძალიან რთულია არ დავინახოთ ის რელიგიური და პოლიტიკური კლიმატი რაც მეჩვიდმეტე საუკუნის ევროპაში იყო გამეფებული.  ეს ის პერიოდია როდესაც ეკლესია დომინანტია და საკმაოდ დიდი ძალაუფლება გააჩნია, ლიტერატურას კი ძლიერი რელიგიური და პოლიტიკური ფუნქცია აკისრია.  პოეტები წერდნენ მონარქებისა და  ეკლესიისთვის ხოტბის შესასხმელად და იმ პერიოდის მწერლობის ძირითად ჟანრს  საეკლესიო ჰიმნები  წარმოადგენდა, დოროთემ სწორედ ეს ჟანრი აირჩია და ხელი მიჰყო ჰიმნებისა და პოემების წერას.

Dorothe

    დოროთეს პოეზიაში კარგად ჩანს ბაროკოსათვის დამახასიათებელი ელემენტები.  მისი ლექსების ფორმა იყო მკაცრად განსაზღვრული, ჰქონდა ძალიან მარჯვე რითმა და იყენებდა მრავალ მჭერმეტყვლურ მექანიზმს რაც უფრო საამოს ხდიდა მის შემოქმედებას. თუმცა უნდა ითქვას, რომ ენგელბრეთსდათერის პოეზია იყო საკმაოდ პერსონალური და პირდაპირი ტონის მატარებელი და არ გამოირჩეოდა ინტელექტუალიზმით, თუმცა როგორც თვითონ აღნიშნავდა „გულიდან წერდა“. კითხვაზე, თუ რატომ იყო დოროთეს პოეზია პოპულარული, პასუხი მარტივია –  ის იყო გულრწრფელი ის ღმერთს წარმოაჩენდა როგორც ძალიან პერსონალურს და ადვილად მისაღწევს. მისი შემოქმედება ასახავდა ყოველდღიურ ცხოვრებას, რომელიც სავსე იყო ემოციით და არ იყო იმ პერიოდში არსებულ ლიტერატურასავით რთული, ამიტომაც ხალხმა ის აიტაცა და გულით შეიყვარა. დოროთეს პოემები და ლექსები განმსჭვალული იყო რელიგიური თემატიკით. ის  ხშირად წერდა ფსალმუნებასც, რომლებსაც შემდგომ წიგნებად გამოსცემდა.

  ლიტერატურის ისტორიის მკვლევარები დოროთე ენგელბრეთსდათერს ხშირად მოიხსენიებენ როგორც სენტიმენტალურ პოეტს, რომელიც იყო პოპულარული მაგრამ არა მნიშვნელოვან. თუმცა 1950 წლებში განახლდა მისი ნაშრომებისადმი ინტერესი, შეგროვდა და ხელახლა გამოიცა. სწორედ ამ ქმედებამ გახადა ის ნორვეგიული აუდიენციისთვის უფრო ხელმისაწვდომი.

 დიდი ხანი არაა, რაც  კრიტიკოსებმა აღნიშნეს რომ დოროთე ენგელბრეთსდათერის პოპულარობის სენტიმენტალიზმზე გადაბრალება უსამართლობაა.  სენტიმენტალიზმის იდეა მოდიოდა მისი მეორე ნაშრომიდან, რომელმაც ის თავის ქმარს მიუძღვნა და რეალურად არც იყო მისი ორიგინალი შემოქმედება.

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:
http://antikvariat-bryggen.no/wp-content/uploads/2013/06/ENGELBRETSDATTER-Dorothe-juni-2013.pdf

https://www.ntnu.no/blogger/ub-lokalhistorie/2016/02/18/lokalhistorie-poetinne-dorothe-engelbretsdatter-dode-for-300-ar-siden/

http://www.daria.no/skole/?tekst=1791

https://nbl.snl.no/Dorothe_Engelbretsdatter

Preaching from Home: The Stories of Seven Lutheran Women Hymn Writers
An Encyclopedia of Continental Women Writers, Volume 1